„ეს საკითხი სამართლებრივი საკითხია. ოპონენტები და ოპოზიციური პარტიები განსაკუთრებით ცდილობენ ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას,“ - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს.
ქართული ოცნების დეპუტატები თიბისი ბანკის საქმეში პოლიტიკური მოტივებს ისევ ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ რომ 11 წლისწინანდელი საქმის არქივიდან ამოღება მხოლოდ სამართლებრივი პროცესია.
მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ ბანკის საქმე პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა გადავიდეს.
„ეს საქმე არ უკავშირდება თიბისი ბანკს. ეს საქმე უკავშირდება კონკრეტულ პირს. ეს არის სამართლებრივი საკითხი ამ კონკრეტულ პირთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავრჩეთ სამართლებრივ ჭრილში, შეკითხვები თუ აქვს ვინმეს სამართლებრივი, ამას პასუხი უნდა გაეცეს. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი და ასეც მიდის,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.