საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
ზარდიაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი ძლიერი საფინანსო ორგანიზაციის ირგვლივ განვითარებული პროცესები სამართლებრივ ჭრილში უნდა განიხილებოდეს, თუმცა დღეს პოლიტიკურ პროცესშია გადაზრდილი.
"თიბისი ბანკში" შექმნილი სიტუაციის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ქვეყანაში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას უკავშირებს.
„ვისურვებდი, რომ ბატონ მამუკას დაეკონკრეტებინა, ვინ არიან ის ძალები, ვინც პროგრესს უშლის ხელს და მე მიმაჩნია, რომ ეს საკითხი არის პოლიტიზირებული. ჩვენ ქვეყანაში საკმაოდ მანკიერი ტრადიცია დამკვიდრდა - თუ რაიმე სამართლებრივი შეფასება ეძლევა, ეს ავტომატურად პოლიტიკურ პროცესებში გადადის," - განაცხადა ზარდიაშვილმა.
ვანო ზარდიაშვილი "თიბისი ბანკის" მიმართებაში ბიზნესზე ზეწოლას და წნეხს გამორიცხავს.
"ჩემთვის ეს პროცესი კიდევ ერთხელ უცნაურია ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ამ საკითხის დაკავშირება ხდება, ერთი, თიბისი ბანკთან“, მეორე, ანაკლიის პორტთან. მე საზოგადოებას შევახსენებდი, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა და მესაკუთრის განსაზღვრა მოხდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ერთი და მეორე, მათ შორის, თიბისი ბანკმა, საქართველოს ბანკმა, ყველაზე დიდი მოგებები ნახეს ჩვენი ხელისუფლების პირობებში, შესაბამისად, აქ რაიმე წნეხზე ან ზეწოლაზე საუბარი უბრალოდ გამორიცხულია,“ - განაცხადა ზარდიაშვილმა.
"თიბისი ბანკის" საქმე მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბანკმა სებ-ის განცხადება გაასაჯაროვა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "თიბისის" დანფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობიდან ჩამოშორება მოითხოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი თიბისი ბანკმა გაასაჩივრა.