ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები უწყებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და სწრაფ ვადებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
ადგილზე იმყოფება ”ნაციონალური მოძრაობის” აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია, რომელიც აცხადებს, რომ აქცია შეკრებილი მონაწილეები უკვე 26 წელია, უსახლკაროდ არიან. ბესო შენგელიას თქმით, მთავრობა მათ პრობლემებს დუმილით და მოტყუებით პასუხობს.
„ამ ადამიანების პრობლემას ხელისუფლება საერთოდ არ ისმენს. ამ ადამიანების პრობლემას ხელისუფლება საერთოდ დუმილით პასუხობს, მოტყუებით პასუხობს. ეს ადამიანები მოითხოვენ თავშესაფარს, ეს ადამიანები მოითხოვენ ყურადღებას სახელმწიფოსგან იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და იძულებით გადაადგილებული პირები დღესაც იძულებით გადაადგილებაში არ უნდა იყვნენ, და რაც მთავარია, ადამიანები იძახიან, რომ არ დაიშლებიან, სანამ უშუალოდ მინისტრი სერგეენკოსგან არ გაიგებენ პასუხებს,“ - განაცხადა ბესო შენგელიამ.
იძულებით გადაადგილებული პირების განცხადებით, ისინი წლებია, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, სამინისტრო კი დაპირების მიუხედავად მათ ბინებს არ აძლევს. აქციის მონაწილეებს მინისტრის მოადგილე შეხვდა, თუმცა დევნილების თქმით, ისინი იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე მათ მინისტრი არ შეხვდება.
„მაგათ უნდათ, რომ დაიშალოს ეს აქცია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში. სანამ ნატო ხურცილავას პირში სული უდგია, შევასკდები ამათ. ეს კორუმპირებული მთავრობა გადადგეს. გიორგაძე, გოცირიძე, აბლოთია და მამუკა ცოტნიაშვილი - ესენი მოშორდნენ ამ მთავრობიდან და მაშინ იქნება ყველაფერი ღირსეული,“ - აცხადებს აქციის მონაწილე, ნატო ხურცილავა.
მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ბინებით დაკმაყოფილება ხდება თვლადი და გამჭვირვალე მეთოდოლოგიის მიხედვით.
„ესე ერთპიროვნულად არ წყვეტს, ვის მიეცეს ბინა და ვის არ მიეცეს. ეს არის გამჭვირვალე და თვლადი მეთოდოლოგია, რომელიც გარკვეულ ქულებს ანიჭებს. მე ძალიან გული მტკივა ყველა იმ ადამიანზე, დევნილზე თუ არა დევნილზე, ვისაც სოციალური პირობების გაუმჯობესება სჭირდება, მაგრამ ის წესი და რიგი, რაც არის დადგენილი და აუცილებლად დასაცავი არის და მინისტრი ამაში ვერ ჩაერევა ისე, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს, ვის მიეცეს და ვის არა,“ - აცხადებს დავით სერგეენკო.