„გარკვეულწილად უხერხულობა არის პრეზიდენტის როლის შემოყვანა იმ სათათბირო ორგანოში, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი,“ - ეს განცხადება საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ პარლამენტის სასესიო სხდომაზე გააკეთა.
ნათია მიქელაძემ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ არსებული კანონმდებლობა პრეზიდენტს საბჭოს მუშაობაში ჩართვის შესაძლებლობას არ აძლევს.
„რაც შეეხება პრეზიდენტს, პირველ რიგში, ამოსავალი წერტილი იყო ის საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც დღეს მოქმედებს. პრეზიდენტისთვის აქ არის უფლებამოსილებები, კონკრეტულად 52-ე მუხლში კონსტიტუციის გაწერილი, თუმცა აქ ეროვნულ უსაფრთხოების სფეროებზე საუბარი არ არის და კონსტიტუციის 52-ე მუხლი, სწორედ, სადაც უფლებამოსილებებზეა საუბარი, სრულდება იმით, რომ პრეზიდენტი ახორციელებს ასევე კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. შესაბამისად, ჩვენ არ გვინდოდა ისე გამოსულიყო პირველ რიგში, რომ კონსტიტუციისგან განსხვავებული უფლებამოსილებები, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში პრეზიდენტისთვის დაგვეკისრებინა კანონით, ამით წინააღმდეგობაშიც მოვიდოდით კონსტიტუციასთან და მეორე, რაც მნიშვნელოვანია, გარკვეულწილად უხერხულობა არის პრეზიდენტის როლის შემოყვანა იმ სათათბირო ორგანოში, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერმინისტრი,“ - ამბობს ნათია მიქელაძე.
მიქელაძე ასევე ამბობს, რომ საბჭოს თავმჯდომარეს საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეუძლია სხვა პირების მიწვევა.
„არის აქ ჩანაწერი გაკეთებული წარმოდგენილ ინიციატივაში, რომ საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება, რომ სხვა პირებიც იყვნენ მოწვეულები და მათ შორის პრეზიდენტი და მათ შორის პარლამენტის შესაბამისი წევრები, ამას განსაზღვრავს უკვე საბჭოს თავმჯდომარე,“ - განაცხადა ნათია მიქელაძემ.
ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმირება მიმდინარეობს, რომელიც პრემიერმინისტრის სათათბირო ორგანო იქნება.
საბჭოს მუდმივი წევრები იქნებიან საქართველოს პრემიერმინისტრი, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები. ამას გარდა, საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური. საბჭოს მდივნის უფლებამოსილება, პრემიერმინისტრის ინიციატივით, ერთ-ერთ მუდმივ წევრს დაეკისრება.