"თიბისის" საქმე პარლამენტში მწვავე ბრალდებების მიზეზი გახდა. ოპოზიციის აზრით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შეტევა "თიბისიზე", რომლის მიზანიც წარმატებული ბანკისა და ანაკლიის პორტის პროექტის ხელში ჩაგდებაა.
მმართველ გუნდს ოპონენტების განცხადებებისთვის პარლამენტში სხდომის ფორმატში აღარ უპასუხია. იმას, რომ "თიბისის" წინააღმდეგ სწორედ ხელისუფლება იბრძვის ივანიშვილის დაკვეთით, ოპოზიციის აზრით, ადასტურებს ხაზარაძის წერილიც, რომელიც კომპანიის 7 ათას თანამშრომელს დაეგზავნა და რომელიც "კურიერმა" მოიპოვა.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ხელისუფლებას ანაკლიის პორტის ხელში ჩაგდების მიზნით დაწყებული პროცესების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„ვაფრთხილებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეეშვას სახიფათო თამაშს. ის, ვინც ჩაშლის ანაკლიის ისტორიულ პროექტს, ხალხი დაახრჩობს ანაკლიის ღრმაწყლოვან ზღვაში, გინდ სიმბოლურად გაიგეთ ეს სიტყვები და გინდ, სხვა მნიშვნელობით. არავის არ ეპატიება ამ პროექტის ჩაძირვა. კეთილი ინებეთ და გამოფხიზლდით უმრავლესობა და ეს საკითხი განვიხილოთ პარლამენტში ყველამ ერთად,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.