ბათუმის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ანთაძე დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე აცხადებს, რომ ნუგზარ მარკოიძეს, რომელიც ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის და სამტრედიის საბავშვო ბაღებს ხორცითა და ხორცის პროდუქტებით ამარაგებს, ფორმა 2 გაყალბებული აქვს.
ლევან ანთაძე ხელისუფლებას და ბათუმის მერს მოუწოდებს, რომ გაარკვიონ საიდან მოჰქონდა ხორცი ნუგზარ მარკოიძეს და სად ხდებოდა მისი დამუშავება. საკრებულოს წევრი საგამოძიებო ორგანოებს ამ ფაქტების გამოძიებას სთხოვს.
რაც შეეხება ბათუმის მერიას, ანთაძე მათ მოუწოდებს გაწყვიტონ ყველანაირი ხელშეკრულება და ბათუმის ბაღებმა გაამკაცროს კონტროლი.
„ძირითადი ლაიტმოტივი იყო, რომ ისევ ამ პიროვნებამ, რომელმაც სამტრედიაში შეიტანა ცხენის ხორცი და ეს დადასტურებული ფაქტია, მოამარაგოს ჩვენი შვილები ხორცით, ხორცის პროდუქტებით. მე არ ვიცი რა გარანტია აქვს ხელისუფლებას იმისი, რომ იგივეს არ იზამს. მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ფორმა 2, ვეტერინარის ბეჭედი არის გაყალბებული. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ, მათ შორის ქალაქ ბათუმის მერიამ, მათ შორის პროკურატურამ და ყველა საგამომძიებლო ორგანომ, გაარკვიოს საიდან აწვდის ეს ადამიანი ამ ხორცს,“ - განაცხადა ლევან ანთაძემ.