მაია ცქიტიშვილი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. ინფრასტრუქტურის მინისტრმა კანონმდებლებს სამინისტროს მუშაობის ანგარში წარუდგინა. ამ წუთებში პარლამენტის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული, რომლის განახლების შემდეგ, ცქიტიშვილი კითხვებზე პასუხებს გასცემს.
ოპოზიციის წარმომადგებლების მთავარი შეკითხვები შეუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხება.
„ამ 6 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დახარჯა 6 ნახევარი მილიარდი ლარი. მიმდინარე წლის ბიუჯეტის ფულს თუ დავუმატებთ, დაახლოებით, გამოდის 9 მილიარდ ლარამდე ინფრასტრუქტურის მიერ გასაწევი თუ გაწეული ხარჯები. ეს არის იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე დაიხარჯა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა მთავრობის მიერ, მათ შორის იმ 9-წლიანი მთავრობის მიერ. რაიმე ჩანს გაკეთებული?“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.
მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო მილიონობით ლარით ფინანსდება, თუმცა არც ერთი მსხვილი პროქტი შესრულებული არ არის.
„ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობა, წლიური გეგმა იყო 11 მილიონი ლარი. 12 თვის ფაქტობრივი შესრულება გასული წლის მდგომარეობით არის 0%, რა არის ამის მიზეზი? მეორე საკითხი, რაც მინდა აღვნიშნო, ანაკლიის პორტის წარმატებით ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის დროულად დასრულება, ასევე სარკინიგზო კვანძების დროულად გაყვანა,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლებს შეკითხვა გრიგოლეთი-სამტრედიის გზის მონაკვეთთან დაკავშირებულ სამუშაოებთანაც ჰქონდათ. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინფორმაციით, სამუშაოები 2014 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კომპანიას არაფერი გაუკეთებია.
„24 მილიონი ევრო გადაურიცხეთ და თითი თითზე არ დაკარებულა. ამ კომპანიამ ჯიბეში ფული ჩაიდო და ჯაცმა არ იცის სად არის. არავინ პასუხისგებაში არ არის მიცემული დღემდე,“- განაცხადა ნიკა მელიამ.
ხელისუფლების ოპონენტებს მაია ცქიტიშვილთან კონკრეტული კითხვა მთის გზის პროექტებთან დაკავშირებით ჰქონდათ.
„70 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი მთის გზის პროექტებზე, ჯერჯერობით 9 თვის შესრულებას ვუყურებთ 13 მილიონი იყო 9 თვის შესრულებაში 70 მილიონიდან,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.