19 ნოემბერი 2024,   11:16
ვრცლად
TBC ბანკის საქმე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და TBC ჯგუფის დამფუძნებლები ერთმანეთს შესაძლოა, პარლამენტში შეხვდნენ  

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და TBC ჯგუფის დამფუძნებლები ერთმანეთს შესაძლოა, პარლამენტში შეხვდნენ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ქვეყნის ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ დაწყებული შეტევის განხილვას, საკომიტეტო ფორმატში გეგმავს.

ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია კობა გვენეტაძე, მამუკა ხაზარაძე და TBC ბანკის სხვა დამფუძნებლები ერთმანეთს საკანონდებლო ორგანოში შეხვდნენ და იქ გაიმართოს მსჯელობა ე.წ. ფულის გათეთრების შესახებ. 

„მნიშვნელოვანია, რომ TBC ბანკმა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამართლებრივ საფუძველზე, ობიექტურად გადაწყვიტონ ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე ის პრობლემა, რაც დღეს არსებობს. გარდა ამისა, ჩვენ მოვისმინეთ, რომ TBC  ბანკის ადმინისტრაციას,  მის დამფუძნებლებს აქვთ სურვილი, მოვიდნენ პარლამენტში და მოგვაწოდონ ის ინფორმაცია, რაც მათ აქვთ. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში არის ამის შესაძლებლობა, შეგვიძლია ეს ინფორმაცია მივიღოთ, მოვაწყოთ ეს შეხვედრა იმ დროს და იმ შესაძლებლობებში, როდესაც მათ ექნებათ ამის სურვილი,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

თავად მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ცოტა ხნის წინ განცხადება  გაავრცელეს. TBC ბანკის დამფუძნებლები პარლამენტთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.

ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა გასულ კვირას მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა. ლაპარაკია პროკურატურის მიერ 11 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე.

საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს. თიბისი ბანკმა სებ-ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

დღის ამბები