19 ნოემბერი 2024,   11:12
ვრცლად
პუტინი შეერთებულ შტატებს და მის პარტნიორებს თავდასხმით ემუქრება

ვლადიმერ პუტინი შეერთებულ შტატებს და მის პარტნიორებს თავდასხმით ემუქრება. რუსეთის ლიდერის განცხადებით, თუ ვაშინგტონი საშუალო და მცირე სიშორის ფრენის რაკეტების წარმოებას დაიწყებს და მათ ევროპის კონტინენტზე განალაგებს, მოსკოვი დაუყოვნებლივ იმოქმედებს.

კერძოდ, ახალი ტიპის შეიარაღებას შექმნის და რაკეტებს მართვის ცენტრებს დაუმიზნებს, მათ შორის იმ ობიექტებს, სადაც საფრთხის მატარებელ გადაწყვეტილებებს იღებენ. ამ მუქარის ფონზე ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთს ამერიკასთან კონფრონტაცია არ სურს და მხოლოდ არამეგობრულ პოლიტიკას პასუხობს.

პუტინი ვაშინგტონის მოკავშირეებს მობილიზებულ სატელიტებს უწოდებს, რომლებიც ამერიკას კუდს უქიცინებენ.

„შეერთებული შტატები თავად არღვევს ყველა შეთანხმებას და შემდეგ დამნაშავეებს ასახელებს. ჯერ საშუალო ფრენის რაკეტების წარმოება და გამოყენება დაიწყეს, რომელსაც თვალთმაქცურად ანტისარაკეტო სისტემის სამიზნეები დაარქვეს. შემდეგ ევროპაში ფრთოსანი რაკეტების გამშვები დანადგარები განალაგეს. ამგვარად, მათ პირველებმა დემონსტრაციულად დაარღვიეს შეთანხმება მცირე და საშუალო ფრენის რაკეტების შესახებ.

"რუსეთის არ აპირებს პირველმა განალაგოს რაკეტები ევროპაში, მაგრამ თუ ამერიკა მათ ნამდვილად აწარმოებს და მიაწვდის ევროპის კონტინენტს, ეს გაამწვავებს ვითარებას საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში და სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის რუსეთს. ამ კლასის ზოგიერთ რაკეტას მოსკოვამდე მისაღწევად 10-12 წუთი სჭირდება. იძულებული ვიქნებით, სარკისებურად ვიმოქმედოთ. ვიტყვი პირდაპირ და ღიად: რუსეთი იძულებული გახდება, შექმნას და განალაგოს ამ ტიპის შეიარაღება. ჩვენ მას გამოვიყენებთ არა მხოლოდ იმ ტერიტორიების წინააღმდეგ, საიდანაც უშუალო პირდაპირი საფრთხე წამოვა, არამედ იმ ტერიტორიების მიმართაც, სადაც გადაწყვეტილებების მიღების ცენტრები მდებარეობს. ვიცით ეს როგორ გავაკეთოთ და როგორც კი საფრთხე რეალური გახდება, გეგმებს დაუყოვნებლივ შევასრულებთ,"- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 

 

დღის ამბები