„არაფერი არ არის ისეთი მოკლევადიანი, როგორც არის ჩინჩლაძის თქვენდამი ლოიალობა და ეს ლოიალობა გაქრება იმავე წამს, როდესაც თქვენ ხელისუფლებას დაკარგავთ,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
ირმა ნადირაშვილმა შერჩევით სამართალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება სჯის მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც პოლიტიკურად ლოიალური არ არის მის მიმართ. ამის მაგალითად კი დეპუტატმა კირკიტაძე-გეგეშიძის საქმე მოიყვანა.
„მე მხარს ვუჭერ წარმოდგენილ კანონპროექტს არა იმიტომ, რომ ქალბატონ ბესელიას რეფორმატორად მივიჩნევ და მჯერა, რომ სასამართლოს გაკეთილშობილებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოლებს, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ, ვიცი, გაფუჭებული საათიც კი დღეში ორჯერ აჩვენებს სწორ დროს. შესაბამისად, მინდა, გამოვიყენო ეს მცირე შანსიც კი, რომ საბოლოოდ არ გადავიდეს სასამართლო ჩინჩალაძე-მურუსიძის და მათი მაკონტროლებელი სახელისუფლებო კლანის ხელში. ქალბატონმა ეკამ თავისი გამოსვლის დროს ახსენა თემიდა... მე მახსოვს ის დრო და ძალიან ახლო წარსულიდან, როდესაც ქალბატონი ეკა თქვენი ზევსის - ბიძინა ივანიშვილის სურვილებს ძალიან ოსტატურად „აპრავებდა“ და, მაგალითად, "რუსთავი 2-ის" დახურვის მცდელობას ლამაზად წარმოგვიდგენდა, როგორც ორ კერძო პირს შორის დავას,“ - ამბობს ნადირაშვილი.