„საწუხაროდ, ივანიშვილის ხელისუფლება იმგვარად მორგებულ კანონპროექტს გვთავაზობს, რომლითაც ისევ ეს 11 ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ოთარ კახიძემ, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე საუბრისას გააკეთა.
ოთარ კახიძისთვის კატეგორიულად მიუღებელია ოცნების შეთავაზებული ვარიანტი და ამბობს, რომ თუ ხელისუფლება აღნიშნულ ინიციატივას გაიტანს, მაშინ არსებული კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება.
„ეს არის ევროპული საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელი. ასევე, ყველა მოთამაშისთვის, პრინციპში, ვინც ამ ოთახში არის, გარდა ქართული ოცნებისა. ჩვენ ვთვლით, რომ ასე რქებით გატანის მცდელობა გამოიწვევს აუცილებლად კრიზისს, რომელიც ისედაც შექმნილია. გააღრმავებს ამ კრიზისს, ვინაიდან სრულიად დისკრედიტირებული სასამართლოს მმართველი კლანი, რომელიც ივანიშვილს ემორჩილება და ამიტომ არის პოლიტიკური გარიგების ნაწილი. ვერანაირად ვერ გამოასწორებს იმ ვითარებას სასამართლოში, რომელიც არის შექმნილი,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.