„გეგა გეგეშიძემ დაარღვია კანონი, დაასისხლიანა ადამიანი და სახელმწიფომ ის არ დასაჯა,“ - ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ, გააკეთა.
ოპოზიციონერი დეპუტატი ჭიდაობის ფედერაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ გეგა გეგეშიძემ დაკავებული თანამდებობა დატოვოს, პრეზიდიუმმა უფლებამოსილება შეუჩეროს, დაინიშნოს რიგგარეშე ყრილობა, სადაც ფედერაციის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.
„ეს გეგეშიძე რაღაცა თავმჯდომარე რომ არის, მან დაარღვია კანონი. თავი დავანებოთ იმას, მოჭიდავეების ოჯახში როგორ მოიქცა, მან დაარღვია კანონი. მან დაასისხლიანა ადამიანი, სცადა ამის დამალვა. სახელმწიფომ ის არ დასაჯა. შესაბამისად, ეს არის ბევრად უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე ცალკე აღებული პატიოსანი, წესიერი ბიჭი და აუცილებლად ნებისმიერ ასეთ ადამიანს დავუდგები გვერდში და ვიქნები მათ საპროტესტო აქციაზე,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის შეხვედრა დაიწყო, სადაც გეგა გეგეშიძესა და ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარი ინციდენტი უნდა განიხილონ. სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების კადრები კურიერმა გაასაჯაროვა, რის შემდეგაც გეგა გეგეშიძის წინააღმდეგ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა, სასამართლომ ის 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
სხდომის პარალელურად, ძალადობას შენობის გარეთ აქციაზე აპროტესტებენ. ადგილზე შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები.