დავით კირკიტაძის საქმე - დატოვებს თუ არა მოსამართლე დავით კირკიტაძეს პატიმრობაში, უახლოეს პერიოდში გაირკვევა.
ამ წუთებში მოსამართლე ნუნუ ნესმიწვერიძე გადაწყვეტილების გამოსატანად არის გასული. მანამდე სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეწყვეტის საფუძვლები განმარტა. მისი განცხადებით, ბრალდების მხრიდან სახეზე იყო მხოლოდ მიმალვის საფრთხის ალბათობა.
"მოქალაქეებმა მოგვმართეს და ხელმოწერები წარმოვადგინეთ, ისინი თავდებში უდგებიან, რომ არ მიიმალება პროცესის დასრულებამდე. კირკიტაძე მართლმსაჯულებას ხელს არ შეუშლის. გარდა ამისა, პარლამენტის 30 მდე დეპუტატმა გამოთქვა მზაობა და პასუხისმგებლობას იღებენ, რომ არ დაიმალება კირკიტაძე"-განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
ადვოკატებმა მოსამართლეს კირკიტაძის პასპორტი და აიდი ბარათიც გადასცეს და კირკიტაძის მისამართით პირადი თავდებობა ითხოვეს.
"თუ მეტი გარანტიისთვის არის სხვა საჭიროებაც, მზად ვართ ამისთვის. რა განსხვავებაა მუსაევსა და კირკიტაძეს შორის, რომლებიც მხოლოდ გვარით განსხვავდებიან, და მათ ერთი ბრალი აქვთ წარდგენილი. სარჩელს ვამზადებთ ევროპულ სასამართლოში მეხუთე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით"- განაცხადა კონდახაშვილმა.
სასამართლო პროცესზე სიტყვის თქმის საშუალება მიეცა ბრალდებულ დავით კირკიტაძესაც.
"ამ საქმეს განიხილავს უვადო მოსამართლე. დღეს თქვენი გადაწყვეტილება იქნება ტესტი რამდენად უზრუნველყოფს უვადოდ დანიშვნა მოსამართლეების დამოუკიდებლობას. ვნახავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ექნება თუ არა მორალური უფლება დანიშნოს მოსამართლეები უვადოდ. მადლობა თვითეულ მოქალაქეს, არ ვაპირებ მათი ნდობა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავამტკიცო ბრალის აბსურდულობა."- განმარტა დავით კირკიტაძემ