19 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
გადაჭარბებულია იმაზე საუბარი, რომ უმრავლესობიდან გამოყოფილი დეპუტატები გახდებიან ოპოზიცია - სერგი კაპანაძე

„ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებას და დეპუტატების მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას, „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე ეხმაურება.

სერგი კაპანაძე თვლის, რომ ბესელიას და მისი გუნდის გამოყოფა „ქართული ოცნებიდან“ არ ნიშნავს, რომ ისინი ხელისუფლების ოპონენტები გახდნენ.

„გადაჭარბებულია იმაზე საუბარი, რომ ახლა უმრავლესობიდან გამოყოფილი  დეპუტატები, ვინც არ უნდა იყოს ის დეპუტატი, გახდება ოპოზიცია. იმიტომ, რომ ჩემთვის ოპოზიციონერობის მთავარი კრიტერიუმი და ტესტი არის, რამდენად უნდა ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა და არცერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც გამოეყო ახლა ქართულ ოცნებას, არ აპირებს და არ საუბრობს და არ არის მოწოდებული იმაზე, რომ შეიცვალოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება," - ამბობს სერგი კაპანაძე. 

კაპანაძის თქმით, ბესელია კვლავ ივანიშვილის გუნდშია და მისივე განმარტებით, „ოცნებაში“ მიმდინარე პროცესი, მხოლოდ და მხოლოდ, „შიდა კინკლაობაა“.

„ეს არის შიდა კინკლაობა, ეს არის რეალურად მცდელობა იმისა, რომ ერთმა ჯგუფმა მეორეს ხარჯზე მოიპოვოს გავლენა ივანიშვილის კარზე. ამიტომ, ამის შეფასება, როგორც ოპოზიცია, როგორც გამოყოფა და სერიოზული ძალის შექმნა, მგონია, რომ არის გადაჭარბებული,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა 4-მა დეპუტატმა დატოვა - ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. წასვლას აანონსებენ ასევე გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური.

ისინი წასვლის მიზეზად სხვადასხვა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ასახელებენ.

დაპირისპირების მიზეზი გახდა ასევე ბესელიას ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადავადებას მოითხოვდა. ბექა ნაცვლიშვილმა კი უმრავლესობა საპენსიო რეფორმის ჩავარდნის გამო პარასკევს დატოვა.

დღის ამბები