„გამორიცხულია ამ ორი მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება“ - ეს განცხადება, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა TBC ბანკზე საუბრისას გააკეთა. მინისტრი ამბობს, რომ ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები და ანაკლიის პორტის პროექტი ერთმანეთთან კავშირში არ არის და ისინი ერთ კონტექსტში არ უნდა განიხილებოდეს.
მთავრობის წევრები არ იზიარებენ ოპონენტების მოსაზრებებს, რომ TBC ბანკისა და მისი დამფუძნებლების მიმართ მიზანმიმართული შეტევა ხორციელდება.
„გამორიცხულია ამ ორი მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება, ეს ე.წ. TBC-თან დაკავშირებული კითხვის ნიშნები, რომლებიც მოგვარდა და ეს არ იყო TBC-თან დაკავშირებული, ეს იყო რაღაც კონკრეტულ ტრანზაქციაზე კითხვები. მე მგონი მოგვარებულია, TBC-იმ ჯარიმა გადაიხადა, ეროვნული ბანკის მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა. თქვენ რომ ნახოთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე რა მოხდა, ნახავთ, რომ TBC-ის აქციები არა თუ დაუბრუნდა თავდაპირველ ნიშნულს, არამედ უფრო გაიზარდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ინსტიტუცია არის მყარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ანაკლიასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება, ყველა არსებული თუ პოტენციური ინვესტორის იქნება მხოლოდ და მხოლოდ დაფუძნებული იმაზე, თუ რამდენად მომგებიანი და მიზანშეწონილია ეს პროექტი,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
"კურიერის" ინფორმაციით,TBC ბანკის დამფუძნებლები უკვე თბილისში არიან. ხვალ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტში ელოდებიან. გახმაურებულ საქმეზე სავარაუდოდ, ხვალვე მოუწევს ახსნა განმარტებების გაკეთება ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც.
ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა დაახლოებით ორი კვირის წინ მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა. ლაპარაკია პროკურატურის მიერ 11 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე.
საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.
ავტორი: ნინო გაზდელიანი