"იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად და სასიკეთოდ დამთავრდება როგორც ინვესტორებისთვის, ისე ჩვენთვის, ქვეყნისთვის,“ - ეს განცხადება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ TBC-ის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
მთავრობის წევრები არ ეთანხმებიან ოპონენტების განცხადებებს, რომლის თანახმადაც, TBC ბანკისა და მისი დამფუძნებლების მიმართ მიზანმიმართული შეტევა ხორციელდება.
„გასაგებია ჩემთვის, რა თქმა უნდა რომ TBC-ის საქმე და დღევანდელი ლაპარაკი ამ თემაზე არავის არ გვარგებს და ეს არ არის კარგი და მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად და სასიკეთოდ დამთავრდება როგორც ინვესტორებისთვის, ისე ჩვენთვის, ქვეყნისთვის,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე TBC ბანკთან დაკავშირებული პროცესების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქმე ეხება საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტიტუტს.
„უმჯობესი იქნებოდა, რომ უფრო მეტი გამჭვირვალობა ჰქონოდა აღნიშნულ პროცესს, იქიდან გამომდინარე, როგორც განვითარდა აღნიშნული პროცესის თანმიმდევრობა. იყო გარკვეული ინფორმაციის გამოტანა, შემდეგ უკვე გაჩერდა ყველაფერი. მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი პერიოდისთვის, რომ უფრო მეტი გამჭვირვალობა იყოს აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ეხებოდა საკითხი სისტემურ ბანკს საქართველოში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული ფინანსური ინსტიტუტია,“ - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
„კურიერის“ ინფორმაციით, TBC ბანკის დამფუძნებლები უკვე თბილისში არიან. ხვალ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტში ელოდებიან. გახმაურებულ საქმეზე სავარაუდოდ, ხვალვე მოუწევს ახსნა განმარტებების გაკეთება ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც.
ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა დაახლოებით ორი კვირის წინ მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა. ლაპარაკია პროკურატურის მიერ 11 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე.
საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.
ავტორი: ნინო გაზდელიანი