"ძალიან ცუდი საყურებელი იყო ეს ყველაფერი," - ასე ეხმაურება ეკა ბესელია დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომას. ეკა ბესელია აცხადებს, რომ ის, რაც დღეს მოხდა, პარლამენტის რეპუტაციის შელახვაა.
„მე არ მომეწონა დღევანდელი კომიტეტის სხდომა. ძალიან ცუდი საყურებელი იყო. მე ვუყურებდი ამ კადრებს და ეს იყო ძალიან ცუდად საყურებელი. ყველაფერი ის, როგორც ვითარდებოდა ეს პროცესი და პირველ რიგში, ეს არის პარლამენტის რეპუტაციის საკითხი, რომელმაც უნდა აჩვენოს, რომ ასეთი თემების მიმართ მას აქვს დამოუკიდებლობა, აქვს მზაობა და აქვს გახსნილობა და მოუსმინოს ადამიანებს. ის, რაც დღეს მოხდა, აკნინებს პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
დღევანდელი სხდომა, რომელზეც თიბისი ბანკის საქმე განიხილებოდა, ჩაიშალა. კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა ისე დაასრულა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება აღარ მისცა ისევე, როგორც არ მიეცა საშუალება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, გაეკეთებინათ განცხადება.