19 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
სახიფათო გზავნილი კრემლიდან - კანდელაკი აბაშიძე-კარასინის ფორმატს საქართველოსთვის დამაზიანებლად მიიჩნევს

გრიგორი კარასინის განცხადებას, სადაც მან ქართულ მხარეს არასასიამოვნო მოულოდნელობები უწინასწარმეტყველა, ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

ხელისუფლების ოპონენტები აბაშიძე-კარასინის ფორმატის არსებობას ქვეყნისთვის დამაზიანებლად მიიჩნევენ. კანდელაკის შეფასებით, საქართველოს მთავრობა პარტნიორ ქვეყნებს ილუზიას უქმნის, რომ რუსეთთან ურთიერთობა ნორმალიზებულია, თუმცა ეს რეალობას არ შეესაბამება.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მსგავს შეფასებას ჟენევის ფორმატის ფარგლებში ვერ გააკეთებდა.

„კარასინი ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებას ჟენევის ფორმატში, სადაც მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ვერ გააკეთებდა ასეთ განცხადებას. ეს ფორმატი რომ არსებობს, ასე განცალკევებულად ჟენევის ფორმატისგან, სადაც არანაირი შუამავლები არ არიან, თავისთავად, ამ ფორმატმა საქართველოს ზიანის გარდა არაფერი მოუტანა. „ქართული ოცნების“ მთავრობამ ჩვენს მეგობრებს შეუქმნა ილუზია ამ ფორმატით არსებობით, რომ თითქოს, მიმდინარეობს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზაცია, როცა ასეთი ნორმალიზაცია არ მიმდინარეობს. კვლავაც ხდება საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, ჩვენი მოქალაქეების მოტაცება და მკვლელობაც,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა.

სახიფათო განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან გამართული შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა, თუმცა კარასინი არ აკონკრეტებს, რა არასასიამოვნო მოულოდნელობას უმზადებს რუსეთი საქართველოს. 

რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი მუქარის გზავნილი  გაჟღერდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის დღევანდელ სხდომაზე სერგეი შოიგუმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიო უსაფრთხოების სისტემის რღვევაში დაადანაშაულა. მისი განაცხადებით, რუსეთი იძულებულია, საპასუხო ზომები მიიღოს.

დღის ამბები