"კარგი იქნება, ოპოზიცია სპეკულაციებს შეეშვას,“ - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ოპონენტების მისამართით გააკეთა, რომლებიც მმართველ გუნდს, რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაში ადანაშაულებენ.
ცქიტიშვილი რუსეთის საგარეო უწყებისა და თავდაცვის სამინიტროს გზავნილებს გამოეხმაურა. მმართველი გუნდის დეპუტატი მიიჩნევს, რომ რუსეთისგან მუქარა ახალი არ არის.
დეპუტატი ოპოზიციას მოუწოდებს, პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.
„ფორმატების გარეშე და ფორმატებზეც, დაახლოებით, იგივე განცხადებებს აკეთებს. მისთვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს დასავლური ინტეგრაცია, დემოკრატიზაცია, ნატოში ინტეგრაცია და ევროკავშირში გაწევრიანება. ის გამოხატავს თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას ამაზე. ეს არის ის, რა რეალობაშიც ბოლო 25 წელია, ვცხოვრობთ. შესაბამისად, მას ყოველთვის ექნება ასეთი განცხადება. როგორი ფორმატიც არ უნდა შევთავაზოთ, ასეთი განცხადებები იქ იქნება. სპეკულაციებს, კარგი იქნება, ოპოზიცია შეეშვას. ამ კონკრეტულ საკითხში მაინც დავინახოთ, რომ არსებობს სახელმწიფოს ერთი მიდგომა. მუქარა სულ მომდინარეობს, ამაში ახალი არაფერია. ეს არის ძველი რუსული პოლიტიკა. ეს რუსული პოლიტიკა ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
სახიფათო განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან გამართული შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა, თუმცა კარასინი არ აკონკრეტებს, რა არასასიამოვნო მოულოდნელობას უმზადებს რუსეთი საქართველოს.
რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი მუქარის გზავნილი გაჟღერდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის დღევანდელ სხდომაზე სერგეი შოიგუმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიო უსაფრთხოების სისტემის რღვევაში დაადანაშაულა. მისი განაცხადებით, რუსეთი იძულებულია, საპასუხო ზომები მიიღოს.