17 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები - არასამთავრობოები სამუშაო ჯგუფის დატოვების მიზეზებს განმარტავენ 

არასამთავრობო ორგანიზაციები იმ მიზეზებს განმარტავენ, რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შეთავაზებული სამუშაო ფორმატი დატოვეს. საუბარია სამუშაო ჯგუფზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობდნენ.

კოალიციაში - ”დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” - შემავალი ორგანიზაციები განმარტავენ, რომ არის ხუთი პრინციპული საკითხი, რომლებსაც პარლამენტის თავმჯდომარე არ ეთანხმება. მათ შორისაა ინტერესთა კონფლიქტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების მეთოდი და კონკურსის წესი.

სამუშაო ჯგუფში არასამთავრობოებისა და პარლამენტარების გარდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სახალხო დამცველი შედიან.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ნომინირებული იყვნენ უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ და სურთ კონკურსში მონაწილეობა, უნდა შეუჩერდეთ სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელება სანამ მათთან დაკავშირებით არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული და მანამდე არც საკუთარი თავის და არც კონკურენტების შესახებ კენჭისყრებში არ უნდა იღებდნენ მონაწილეობას, სამწუხაროდ აქაც მოვისმინეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია, რომ ის ასეთ ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს. ჩვენ ვითხოვდით, რომ გადაწყვეტილება ყოფილიყო დასაბუთებული და გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული მოსამართლე და არამოსამართლე წევრების 2/3-2/3-ი ხმებით. ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ არა მარტო უარყოფითი პოზიცია გამოხატა, არამედ საკითხი ფაქტობრივად დახურულად გამოაცხადა და თქვა, რომ ამ საკითხზე დამატებითი მსჯელობა შეუძლებელია, რაც პრინციპული მნიშვნელობის საკითხი იყო ჩვენთვის როგორც მოგეხსენებათ და საბოლოოდ განაპირობა კიდეც ჩვენს მიერ გადაწყვეტილების მიღება ფორმატის დატოვების შესახებ,“ - გიორგი მშვენიერაძე

მესამე სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ეს ფორმატი არ არის ღია მათი კრიტიკული მოსაზრებებისათვის და კლანურ მმართველობას უწყობს ხელს, ამიტომ მასში დარჩენის აზრს ვერ ხედავენ.

„მთელი საზოგადოება ითხოვს კანის წასვლას სასამართლო სისტემიდან - აი ჩვენ რა დავინახეთ, როდესაც მივედით იმ სამუშაო ჯგუფში, ჩვენ დავინახეთ, რომ კლანის წევრები და მათ შორის მურუსიძე იჯდა მაგიდასთან და მას აწერინებდა კობახიძე კანონპროექტს. ეს იყო ჩვენი აზრით დაცინვა საზოგადოებაზე,“ - ეკა გიგაური

მიხეილ ბენიძე შეხვედრებს ფორმალურ და მოჩვენებით პროცესს უწოდებს. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის მხრიდან განსხვავებული არგუმენტის მიღების მზაობა და სურვილი არ არსებობდა.

„დღეს არის რაღაც ფორმალური, მოჩვენებითი პროცესი, თითქოს მცდელობა არის კონკრეტულ კრიტერიუმებზე შეთანხმებისა და კონკრეტული რეფორმის გატარების. სინამდვილეში ვნახეთ წინასწარ შედგენილი გამოგზავნილი კანონპროექტი და ძალიან მყიფე პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ პრაქტიკულად არაფერზე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან განსხვავებული აზრის, განსხვავებული რაღაც არგუმენტების მიღების მზაობა და სურვილი არ არსებობდა,“ - აცხადებს მიხეილ ბენიძე.

დღის ამბები