19 ნოემბერი 2024,   11:16
ვრცლად
ხმაურიანი მოსმენა აშშ-ს კონგრესში - დონალდ ტრამპს ყოფილი ადვოკატი უმწვავეს ბრალდებებს უყენებს

დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატის სკანდალური ბრალდებები კონგრესში. მაიკლ კოენის განცხადებით, პრეზიდენტისთვის ცნობილი იყო, რომ ვიკილიქსი ჰილარი კლინტონის დისკრედიტაციისთვის დემოკრატების პირადი მიმოწერის გამოქვეყნებას აპირებდა. ტრამპის იურისტმა პრეზიდენტს რასისტი უწოდა და ისიც აღიარა, რომ დონალდ ტრამპი მოსკოვში "ტრამპ-თაუერის" მშენებლობის გეგმას კამპანიის პერიოდშიც განიხილავდა.

წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტში, ტრამპის ყოფილი ადვოკატის, მაიკლ კოენის გამოსვლა და მისი უმწვავესი ბრალდებები პრეზიდენტის წინააღმდეგ, დემოკრატმა კონგრესმენმა "კურიერთან" საუბარში "უოთერგეითის" სკანდალს შეადარა. მაიკლ კოენის მოხსენებაში რამდენიმე განსაკუთრებით სერიოზული ბრალდება იყო. კოენის თქმით, ტრამპის მრჩეველს კომუნიკაცია ჰქონდა ჯულიან ასანჟთან და ტრამპმა წინასწარ იცოდა, ვიკილიქსი დემოკრატიული პარტიის იმეილებს რომ გამოაქვეყნებდა, რაც კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიას დააზარალებდა.

მაიკლ კოენმა პრეზიდენტს რასისტი და თაღლითი უწოდა. დაადანაშაულა ტრამპი რასისტული განცხადებების გაკეთებაში, მათ შორის ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს. 

მაიკლ კოენის მოხსენებას კომიტეტში "რესპუბლიკელი" კონგრესმენების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ისინი კოენის განცხადებების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებდნენ. პრეზიდენტმა ტრამპმა კი მისი ყოფილი ადვოკატის ბრალდებებს ტვიტერში უპასუხა.

კონგრესის ქვედა პალატაში, შეიძლება ითქვას, დემოკრატებს დღეს ორმაგი ფრონტი ჰქონდათ გახსნილი. ზედამხედველობის კომიტეტის დარბაზიდან რამდენიმე კარების მოშორებით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე საუბრობდა მადლენ ოლბრაიტი. სიტყვით გამოსვლის დროს მან აღნიშნა, რომ გარკვეულ სფეროებში ადმინისტრაციის მოღვაწეობა დაბნეულობით, არათანმიმდევრულობით, დიპლომატიის უქონლობით აღინიშნება.

დღის ამბები