„ქართული ოცნება“ ახალ, პერსპექტიულ სახეებს ეძებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის მისაღებია გუნდის ახალი წევრებით შევსება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი აცხადებს, რომ გუნდის განახლება ბუნებრივი პროცესია.
„ეს არის ბუნებრივი პროცესი, როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ განახლება საკადრო თვალსაზრისით მუდმივად უნდა ხდებოდეს და ეს არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის,“ არამედ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის უნდა იყოს გარკვეული მიზანი. მათ შორის, ბუნებრივია, ჩვენთვისაც. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ახალი სახეები შემოვიყვანოთ გუნდში, მათ შორის, ახალგაზრდები მოვიზიდოთ, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან ჩვენს საქმიანობაში და ერთად ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს მივიღებთ,“ - განაცხადა კახიანმა.
„ოცნებას“ რომ კვლავ შეუძლია გამოწვევებზე სათანადოდ რეაგირება, ამაზე საუბრობს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია. დეპუტატის თქმით, მმართველი პარტია დასახული მიზნების მიღწევას შეეცდება.
„გუნდიდან წასვლა არცერთი წუთით არ მოასწავებს არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის იმ იდეალების განხორციელებაზე, რომელიც აქვს ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას და იმ ვალდებულებებზე, რომლებიც აქვს საზოგადოების მიმართ ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას. მიმაჩნია, რომ ეს არის პროცესი, რომელსაც აქვს თავისი საფუძვლები... პარტია არის უნარიანი, პარტიას ესმის ის გამოწვევები და ამოცანები, როგორც მმართველ პარტიას, რომელიც აკომპლექტებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს,“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
გუნდის რებრენდინგზე განცხადება დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მან „ოცნების“ რიგებიდან დეპუტატების წასვლასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ პარტია ახალ სახეებს ეძებს და მისივე თქმით, კონსულტაციები რამდენიმე პირთან უკვე მიმდინარეობს. თუმცა, მოლაპარაკებების დასრულებამდე კი კონკრეტული სახელები არ საჯაროვდება.