საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლას აანონსებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” წევრი, კობა ნარჩემაშვილი. დეპუტატის თქმით, გუნდიდან გამოყოფა გარდაუვალია და საპარლამენტო უმრავლესობას უახლოეს მომავალში დატოვებს.
რაც შეეხება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის მიერ დაანონსებულ რებრენდინგს, რომელიც 2020 წლის არჩევნებამდე განხორცილდება, ნარჩემაშვილი ამბობს, რომ ეს პროცესი გარდაუვალია.
დეპუტატის თქმით, არჩევნებისთვის ყველა პოლიტიკური ძალა განახლებას უნდა ცდილობდეს. თუმცა, მისივე თქმით, ახალი სახეები გაცილებით კვალიფიციურები უნდა იყვნენ.
„ჩვენი პოზიციების შეჯერებიდან გამომდინარე, მოგვიხდება დატოვება გუნდის. მთელი ეს პერიოდი ამაზე ვისაუბრე, მაგრამ რაც შეეხება რებრენდინგს, მე ვთვლი, რომ ყველა იმ ვითარებაში, როცა ხდება არჩევნების მოახლოება, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა ცდილობდეს განახლებას. ვფიქრობ, რომ ახალი უნდა იყოს კვალიფიციური, მარტო ის არ არის, რომ იყოს ახალი. ახალი უნდა იყოს კვალიფიციური, უნდა იყოს სარგებელი მისით გამოწვეული, მე ამას არ ვამბობ „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში, ზოგადად, ვამბობ, ყველა პოლიტიკურ ძალასთან მიმართებაში. თუმცა, სურვილი იმისა, რომ განახლდეს გუნდი, ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
გუნდის რებრენდინგზე განცხადება დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მან „ოცნების“ რიგებიდან დეპუტატების წასვლასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ პარტია ახალ სახეებს ეძებს და მისივე თქმით, კონსულტაციები რამდენიმე პირთან უკვე მიმდინარეობს. თუმცა, მოლაპარაკებების დასრულებამდე კი კონკრეტული სახელები არ საჯაროვდება.
ამის პარალელურად, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს დეპუტატები ტოვებენ. ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის და ბექა ნაცვლიშვილის „ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ ზვიად კვაჭანტირაძემაც დატოვა უმრავლესობის შემადგენლობა.
ამას გარდა გუნდიდან წასვლა ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, გია ჟორჟოლიანმაც დააანონსა. ჟორჟოლიანის თქმით, ამ დროისთვის პოლიტიკური გაყრა დასრულებულია და მისი გუნდი „ოცნებას“ ტექნიკურად უახლოეს მომავალში გამოეყოფა.
„ოცნებიდან“ წასვლას აანონსებს ასევე დეპუტატი მირიან წიკლაური.