პროკურატურისგან ახალი არაფერი მომისმენია - ასე ეხმაურება TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე, გენერალურ პროკურატურაში ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგს, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრეს TBC ბანკის საქმეზე. ბადრი ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ პროკურატურის ეს ნაბიჯი იყო რეაქცია საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც ჩაიშალა. მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას.
ჯაფარიძე ამბობს, რომ დასამალი არაფერი აქვს და ამიტომაც აპირებს კიდევ ერთხელ მივიდეს პარლამენტში.
რაც შეეხება საქმეში კიდევ ერთი ფიგურანტის, TBC ბანკის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის პაატა ღაძაძის დასახელებას, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ იყო მისი გვარი დასახელებული ფულის გათეთრების საქმესთან მიმართებაში.
ჯაფარიძე ამბობს, რომ დღეს პროკურატურაში ბრალდება არ გაჟღერებულა, რადგან იქ ჩამოთვლილი იყო ტრანზაქციები.
„დღევანდელი განცხადება იყო გამეორება პრაქტიკულად 2019 წლის 8 იანვრის განცხადების. ჩემი ღრმა რწმენით ეს იყო პასუხი კომიტეტის ჩაშლილ მოსმენასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ რომ ესეთი განცხადება ძალიან დიდ ზიანს აყენებს თვითონ ქვეყნის რეპუტაციას. იმიტომ, რომ ჯერ ერთი ბრალდება მე იქ არ მომისმენია. იქ ჩამოთვლილი იყო ტრანზაქციები და შეფასებები ძალიან სანდომიანმა ქალბატონმა გააკეთა შეფასებები წმინდა საბანკო ოპერაციების რომელიც ჩემი ღრმა რწმენით არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია, არანაირად არ შიძლება იყოს პროკურატურის კომპეტენცია. სესხის გაცემის შეფასება, ბალანს გარეთ სესხის გატანა ეს არ არის პროკურატურის კომპეტენცია. მინდა ყველას შევახსენო რომ 2008 წელზე საუბარი დრეს, საერთოდ როგორ გადარჩა საბანკო ინდუსტრია ომს და კრიზისს, ყველას თითქოს ეს დაავიწყდა. თითქოს 2008 წლის ბოლოს ჩვენ ვიყავით ნორმალურ მდგომარეობაში. მინდა მოვუწოდო ყველას გაიხსენოს რა მოხდა 200 წლის ბოლოს. ეს იყო უნიკალური შემთხვევა როდესაც საქართველოს საბანკო სისტემა გადარჩა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე,“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
რაც შეეხება ანაკლიის პორტის მშენებლობას, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს ამ პროექტის განხორციელებას. მისივე თქმით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ანაკლიის ჯგუფი აგრძელებს თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვან ბანკებთან და განცხადებები თითქოს რომელიმე მათგანმა უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე არასწორია. TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მოუწოდებს ყველას, რომ მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავონ, რადგან ეს აზიანებს როგორც პროექტს, ასევე ინსტიტუტების რეპუტაციას.
"ანაკლიის პროექტი ვითარდება მას ხელს ვერაფერი ვერ შეუშლის. მე მინდა ყველას მოვუწოდო ესეთი ტიპის განცხადებები რომელიც რაღაცას ემსახურება, კონკრეტულ რაღაც მოვლენაზე და ა.შ. არის დამაზიანებელი რეპუტაციის არამხოლოდ იმ ადამიანების რეპუტაციის ვის მიმართაც არის ეს განცხადებები, არამედ თვითონ ინსტიტუტების რეპუტაციის,"-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.