ანაკლიის პროექტი ვითარდება, მას ხელს ვერაფერი ვერ შეუშლის - ეს განცხადება, "თიბისი" ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა. ჯაფარიძის თქმით, მიმდინარე პროცესები აზიანებს არა მხოლოდ პროექტს, არამედ ქვეყნის რეპუტაციას.
მისივე განცხადებით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ანაკლიის ჯგუფი აგრძელებს თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვან ბანკებთან და განცხადებები თითქოს რომელიმე მათგანმა უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე არასწორია.
"ანაკლიის პროექტი ვითარდება, მას ხელს ვერაფერი ვერ შეუშლის. მე მინდა ყველას მოვუწოდო ესეთი ტიპის განცხადებები, რომელიც რაღაცას ემსახურება, კონკრეტულ რაღაც მოვლენაზე და ა.შ. არის დამაზიანებელი არამხოლოდ იმ ადამიანების რეპუტაციის ვის მიმართაც არის ეს განცხადებები, არამედ თვითონ ინსტიტუტების რეპუტაციის,"-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე, გენერალურ პროკურატურაში ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრეს TBC ბანკის საქმეზე. ბადრი ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ პროკურატურის ეს ნაბიჯი იყო რეაქცია საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც ჩაიშალა. მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას.
ჯაფარიძე ამბობს, რომ დასამალი არაფერი აქვს და ამიტომაც აპირებს კიდევ ერთხელ მივიდეს პარლამენტში.
რაც შეეხება საქმეში კიდევ ერთი ფიგურანტის, TBC ბანკის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის პაატა ღაძაძის დასახელებას, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ იყო მისი გვარი დასახელებული ფულის გათეთრების საქმესთან მიმართებაში.