„დაშლა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფასეულობითი განსხვავება იქნება,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, აკაკი ზოიძემ გააკეთა.
ის საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე დაპირისპირებას და რამდენიმე დეპუტატის მიერ მმართველი გუნდის დატოვებას გამოეხმაურა. აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშალოს, თუ გუნდში ღირებულებითი განსხვავება გამოიკვეთება.
„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ თემას, როგორიცაა სასამართლო რეფორმა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობა დაიშლება ან რაღაც მოხდება, არა. 115-კაცინაი უმრავლესობის დაშლა, დამერწმუნეთ, ადვილი არ არის. უმრავლესობის უამრავი წევრი იმავე პოზიციაზე დგას, რად დგას. სანამ ღირებულებითი სხვაობა არ გამოჩნდება, მანამდე ასეთი დაშლა არ იქნება. ჩემი აზრით, ჩვენს უმეტეს წერს აქვს მხოლოდ მიდგომებში განსხვავება, თუ როგორ აღვასრულოთ ეს ღირებულებები და ფასეულობები. თორემ არა იმაში, რომ თვითონ ფასეულობითი განსხვავება არსებობს,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრმა დატოვა, მათ შორის არიან ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე.
პირველი პოლიტიკური დუელი „ქართული ოცნების“ ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში გაიმართება. ცნობილი ხდება, რომ კანდიდატურის დაყენებას მთაწმინდაზე მმართველი გუნდი და გუნდიდან დემარშით წასულებიც გეგმავენ.
წასულების ადგილის შევსებას მმართველი გუნდის ლიდერები ახალი სახეებით ცდილობენ. საპარლამენტო ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ამ განცხადებას მისივე თანაგუნდელების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.