17 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
მკვლელი გამათბობლების მორიგი მსხვერპლი - კნოლევის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა სავარაუდოდ, CO-მ იმსხვერპლა

მკვლელი გამათბობლების მორიგი მსხვერპლი - თბილისში, კნოლევის ქუჩაზე გამთენიისას, 19 და 20 წლის ახალგაზრდები გარდაცვლილები იპოვეს.

ანა ჯაფარიძისა და დიმიტრი დარბაიძის სიცოცხლე, ნაქირავებ ბინაში არასწორად დამონტაჟებულმა გაზის გამათბობელმა იმსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, CO ოთახში, სადაც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ სწორედ შიდა წვის კამერიანი გამათბობლიდან, ე.წ ნიკალადან დაგროვდა.

20 წლის დიმიტრი თბილისში საცხოვრებლად რამდენიმე თვის წინ გადავიდა, მუშაობდა და ქირით ჩუღურეთში კნოლევის ქუჩაზე ცხოვრობდა. მისი მშობლები ემიგრაციაში არიან.

ოთახში დაგროვილი გაზის ნამწვით გარდაიცვალა 19 წლის ანა ჯაფარიძეც. ის ვანის რაიონიდან, სოფელ ციხელსულორიდანაა. ანა და დიმიტრი თანამშრომლები იყვნენ, ორივე ერთ-ერთ სუპერმარკეტში კონსულტანტებად მუშაობდნენ.

სახლის მეპატრონე რუდოლფ სავადიანს სახლის ოთახები გაქირავებული აქვს. სავარაუდოდ, მისი დამონტაჟებული იყო გასაქირავებელ ფართებში გაზის ისეთი გამათბობლები, რომელიც იაფია.

ახალგაზრდების ტრაგიკული გარდაცვალების მიზეზი რომ ოთახში ნამწვის დაგროვება გახდა, ამის შესახებ „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენელი დილიდან აცხადებდა.

ტრაგიკული სტატისტიკის მიხედვით ბოლო ერთი წლის განმავლობაში გარდაცვალების 27 შემთხვევიდან 25 ნაქირავებ ფართებში მოხდა. ბოლო ტრაგიკული შემთხვევა ისანში, სადაც 7 ახალგაზრდა მამაკაცი ოთახში დაგროვებულმა CO-მ გაგუდა. 2019 წლის თებერვლის განმავლობაში, ოფიციალური ინფორმაციით, ღია წვის კამერიანი გამათბობლები ჩაუჭრეს თბილისში 2000-ზე მეტ მოქალაქეს.

კნოლევის ქუჩაზე მომხდარს პოლიცია იძიებს. ამ დროისთვის სახლის მეპატრონე დაკითხეს. დღის მეორე ნახევარში კი ცხედრები სახლებში გადაასვენეს. 

 

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები