17 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
ცხენის ხორცი ბაღებში - ხორცით მომმარაგებელი კომპანიის დირექტორი დაკავებულია

კომპანია შპს „ელენიკოს“ დირექტორი, რომელიც საბავშვო ბაღებს ცხენის ხორცით ამარაგებდა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. საქმის მასალებით დგინდება, რომ ნუგზარ მარკოიძემ დოკუმენტები გააყალბა და სამტრედის საბავშვო ბაღებს საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცი მიაწოდა. ბრალდებულს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 44 წლის ნუგზარ მარკოიძე დუმილის უფლებას იყენებს. მას მძიმე ბრალდებებზე საუბარი არ სურს.

კომპანია „ელენიკო“ ხორცითა და ხორცპროდუქტებით სამტრედიის, ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებს ამარაგებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების ცხენის ხორცით გამოკვების გამო შესყიდვების სააგენტოს კომპანია შავ სიაში შეყვანა, ნუგზარ მარკოიძემ პროდუქციის შეტანა შემოვლითი გზა მოძებნა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „გულიზარმა“ ხელშეკრულება ხორცის მიწოდებაზე ისევ შპს „ელენიკოს“ გაუფორმა.

ოპოზიცია ბათუმის მერიასა და საკრებულოს ქალაქის ბაღების შემოწმებას სთხოვს და ეჭვი აქვს, რომ ცხენის ხორცით სამტრედიის გარდა, აჭარის საბავშვო ბაღებიც მარაგდებოდა. ბათუმის საკრებულოში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ ქალაქის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დაბარება მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ბავშვების ცხენის ხორცით კვების რისკი არსებობს, თვითმმართველობა საკითხის განხილვას არ ჩქარობს.

კანონის თანახმად, ხორცპროდუქტების დამზადება მხოლოდ რეგისტრირებულ სასაკლაოზეა დაშვებული, სადაც ცხენის ხორცს არ ამუშავებენ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს იმ არალეგალური სასაკლაოს მდებარეობა, საიდანაც ბავშვებისათვის საშიში პროდუქტი არალეგალურად მზადდებოდა.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები