შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივას თეა წულუკიანი ეთანხმება. იუსტიციის მინისტრის თქმით, უწყება კონცეფციას სწავლობს. წულუკიანის განმარტებით, თუკი შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა, საკანომდებლო ცვლილებების განხორციელება იქნება საჭირო.
თეა წულუკიანის თქმით, თუ კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა, ამ ყველაფრით პრეზიდენტის ინსტიტუტი არ დაკნინდება.
იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რომ ჯერ არ არის ცნობილი, შენარჩუნდება თუ არა კომისია, მაგრამ თუკი ის იარსებებს, აუცილებელია, რომ მისი შემადგენლობა პროფესიონალებით დაკომპლექტდეს.
იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ შეწყალების კომისიაში უნდა შედიოდნენ არა მწერლები და მხატვერბი, არამედ სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და პედაგოგები.
„ჩვენ ამჟამად ვსწავლობთ ამ კონცეფციას, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივის სახით წარმოგვედგინა. ვფიქრობთ, რომ თუკი ეს მართლაც მოხდება, ეს დაისაჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, მე არ მაქვს დღეს მზა პასუხი, მოესწრება თუ არა ამ ცვლილების განხორციელება ე.წ. სააღდგომო შეწყალებისთვის, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას პრეზიდენტთან, მის ადმინისტრაციასთან იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ, თუკი კომისიას შევინარჩუნებთ, ესეც არ არის ცნობილი, ისეთი კომისია, რომელიც პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. საჭირო იქნება არა მწერლები და მხატვრები, არამედ სოც. მუშაკები, ფსიქოლოგები, პედაგოგები და სხვა,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.