17 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
ტაქსის მძღოლების ხმაურიანი აქცია - პოლიციასთან დაპირისპირებისას დაშავებული რეანიმაციაში რჩება, დაკავებულია ერთი მოქალაქე

დაპირისპირება ტაქსის მძღოლებსა და სამართალდამცველებს შორის - ვითარება დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სადაც ასობით თვითდასაქმებული მერიის ახალი რეგულაციების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა, რამდენჯერმე დაიძაბა.

საპროტესტო აქციის მონაწილე ტაქსის მძღოლებმა გადაკეტილი გზა მხოლოდ მას შემდეგ გახსნეს, რაც საპატრულო პოლიციამ რუსთაველის გამზირზე ევაკუატორები მიიყვანა და მთავარი გამზირის გახსნა ძალის გამოყენებით სცადა. შეხლა-შემოხლის დროს მძიმედ დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც შინაგანი სისხლდენით რეანიმაციაში მოხვდა. დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედება ბრალად.

მძღოლები ამბობენ, რომ არ აპირებენ კალაძის გადაწყვეტილებას დაემორჩილონ და ახალი წესების გაუქმებას მოითხოვენ.

ახალი რეგულაციების მიხედვით ტაქსი თბილისში ორ - A და B კატეგორიებად დაიყოფა.

დედაქალაქში ტაქსის ტრაფარეტით მოძრაობის უფლება მხოლოდ თეთრი ფერის ავტომობილებს ექნებათ, B კატეგორიის მანქანებს კი მხოლოდ გამოძახებით მომსახურება შეეძლებათ, მძღოლები მანქანების თეთრად გადაღებვას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მერიის გამოყოფილი 700 ლარიანი ვაუჩერი ხარისხიანი ღებვისთვის არასაკმარისია და ავტომფლობელები ვისგანაც ისინი მანქანებს ქირაობენ, ფერის შეცვლაზე უარს ამბობენ. უკან დახევას არ აპირებს არც დედაქალაქის მერი.

ტაქსის მძღოლების აქციები თბილისში 11 აპრილიდან განახლდება. იცვლება ადგილი, ასობით მძღოლი სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეიკრიბება. აქცია მხოლოდ იმ შემთხვევში არ შედგება თუ მერია რეგულაციებს 2025 წლამდე გადაავადებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები