23 დეკემბერი 2024,   08:54
ვრცლად
87 მომხრე 33 წინააღმდეგი - პარლამენტმა მოსამართლეების შერჩევის შესახებ კობახიძის კანონპროექტი დაამტკიცა

 87მომხრე 33 წინააღმდეგი - პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ ხმათა უმრავლესობით მიიღო.

კენჭისყრას წინ უძღვოდა ხმაურიანი განხილვა. პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. 

კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და მწვავე დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ოპოზიციამ ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და არაერთხელ დაადანაშაულა როგორც კლანის ინტერესების გატარებაში, ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფაში. 

"დამრიგებლური განმარტებითი როლის შეთავსება თავმჯდომარის მხრიდან ცოტა უხერხულია... ეგ შენიშვნები დაიტოვეთ ტაშს რომ გიკრავენ იმათთვის,“ - მიმართა გედევან ფოფხაძემ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დეპუტატისთვის მიკროფონის გამორთვა მოითხოვა. პარლამენტის თავმჯდომარეს "ქართული ოცნებიდან" დემარშით წასულმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამაც მიმართა და მიუთითა, რომ საუბარს ნუ აწყვეტინებდა. 

„ცენზურას აყალიბებთ და ადგენთ პარლამენტში? რა მოგეწონებათ და რა არა, იმის მიხედვით უნდა გათიშოთ მიკროფონები? ხომა რ ჩამოგვიწერთ იმ სიტყვათა ჩამონათვალს ლექსიკონიდან... ნუ მაწყვეტინებთ საუბარს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წევრებს მოუწოდა, რომ აჟიოტაჟის შექმნისგან თავი შეიკავონ.

„ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა არ არის საჭირო და ასევე მესმის თქვენი მცდელობა, რომ ამ კანონპროექტს გინდათ, დაარქვათ კონკრეტული მოსამართლეების სახელები,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ უპასუხა.

„ბატონ არჩილს მისი გამოსვლის დროს მივუტანე ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც ან არ გაქვთ წაკითხული, ან უბრალოდ ატყუებთ საზოგადოებას. რეკომენდაციების ჩამონათვალი მართლაც არ არის ისეთი ვრცელი, რომ ვერ შეძლოთ მიისი დათვლა და შემდგომ საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა, რომ გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი რეკომენდაცია,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

სესიაზე განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. 

„ქართული ოცნების“ სახელით ხართ გასული მაჟორიტარებად, ამიტომ, რომელი საზოგადოების სახელით გვესაუბრებით, ჯერ ერთი. თქვენ ბევრ რამეზე ვერ შეიკავებთ თავს, მომისმინეთ ყურადღებით და გაიგებთ, ერთი წუთით ნუ აღშფოთდებით, მოითმინეთ, გისმენდით და მოისმინეთ. აღარ მოგწონთ ახლა ხომ?“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილს, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია პარლამენტს შეურაცხყოფას აყენებს და პროცესის დისკრედიტაციას ახდენს, "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგა ბოკერიამ უპასუხა. 

„ახლა ისეთი რამე თქვა ბატონმა ანრიმ, ხანდახან გამოდის ხოლმე წყობიდან ამ მისი სტოიკური პოზიდან, რომელიც უკავია ბოლო ორი კვირაა, შრომას რომ ეწევა. რომ გაბრაზდა და საერთოდ რაზე ვკამათობთ, ჯერ თქვენს მხარდაჭერას შეხედეთ და მერე ჩვენსას. თქვენ ახდენთ პროცესის დისკრედიტაციას. ანუ  მწვავე დისკუსია თქვენ რომ არ მოგწონთ არის კანონის დისკრედიტაცია? პარლამენტში რადგან გგონიათ, რომ მხარდაჭერა გაქვთ, ამიტომ ეს გაძლევთ რაღაც უფლებას? ეგ ვინ გიკარნახათ? საიდან მოიტანეთ? ვინ გამეცადინებთ? - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

სესიაზე განცხადება "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, ემზარ კვიციანმაც გააკეთა. 

„ნუ გააკეთებთ ისე, რომ მთელი საქართველო აგიჯანყდეთ და ვარდებისა და ცოცხებს რევოლუცია ქვების რევოლუციით დასრულდეს ბოლოს,“ - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

დღის ამბები