გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში აზიარებს ზვიად გამსახურდიას ვიდეოს, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ ქართველ ხალხს წაართვეს რწმენა, წინაპრების სარწმუნოება და თავს მოახვიეს ათეისტურ-მარქსისტული იდეოლოგია, რომელმაც გახრწნა ერი და გამოიწვია კატასტროფული შედეგები.
გიორგი გამსახურდიას განცხადებით, სწორედ ეს სიტყვები გახდა ეროვნული მთავრობისთვის განაჩენის გამოტანის საფუძველი, ხოლო ისტორია დღესაც მეორდება.
"ზუსტად ერთ-ერთი ეს სიტყვები იყო წლების წინ, ეროვნული მთავრობის და ზვიადის განაჩენის საფუძველი. ისტორია მეორდება, თავისთავად ჩვენი გზა არის ევროპული ოჯახისკენ, სადაც, ქრისტიანული ცივილიზაციის და კულტურის ნაწილი უნდა გავხდეთ, ოღონდ ჩვენი რწმენის, ფასეულობების და ღირსების შენარჩუნებით", - წერს გიორგი გამსახურდია X-ზე.
გამოქვეყნებულ ვიდეოში, ზვიად გამსახურდია ასევე საუბრობს იმაზე, რომ ზემოთ ხსენებული იდეოლოგიის თავსმოხვევის შედეგად, დაიღუპა მრავალი კულტურული ღირებულება, მავნე პროპაგანდის შედეგად კი, ხალხმა დაივიწყა ზნეობა და საკუთარი ერის ისტორია.