"მაკკეინის ინსტიტუტის" მიერ მომზადებულ ანგარიშს და ამავე ინსტიტუტის წარმომადგენლის, ლორა თორნტონის მიერ გაკეთებულ განცხადებას კიდევ ერთხელ აფასებენ პოლიტიკოსები.
უმრავლესობა მსგავს გამოსვლებს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად თვლის, ოპოზიციაში კი იზიარებენ პოზიციას, რომ მმართველი პარტიის დღეები დათვლილია და ხელისუფლების ცვლილებაზე აკეთებენ აქცენტს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის აპარატის წევრის, ვახტანგ ჩოჩიას განცხადებით, ის გეგმა, რომლითაც ოპოზიცია და ექს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელმძღვანელობენ წინასწარ იყო გათვლილი.
"ვნახეთ, რომ მაკკეინის ინსტიტუტის გეგმები გამოქვეყნდა, სადაც ნათლად იყო ყველაფერი გაწერილი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სცენარი, რომლითაც მიდიან ოპოზიცია და ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინასწარ იყო გათვლილი. შესაბამისად, ეს პირველ რიგში მიუღებელია იქიდან გამომდინარე, რომ ისინი საზოგადოებას ატყუებენ და ცდილობენ, რომ საკუთარ გაწერილ სცენარში ჩაითრიონ ქართული საზოგადოება. მეორეს მხრივ მიუღებელია იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარი და ისინი ცდილობენ, რომ ასე მავნებლურად ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში", - განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.