ერთადერთი კონსტრუქციული გზა არსებული კრიზისის განსამუხტად - ასე ეხმიანება ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ინიციატივას.
საუბარია პრეზიდენტის მოწოდებაზე შედგეს შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მმართველ გუნდთან რიგგარეშე არჩევნების თარიღის განსაზღვრისთვის. ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ "ქართული ოცნება" გაიაზრებს ამ ნაბიჯის მნიშვნელობას და კონსენსუსი საბოლოოდ შედგება.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის შეთავაზება გაკეთებულია და ძალიან მარტივია არჩევნების გზით პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.
"პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი ინიციატივის გაჟღერება არის მნიშვნელოვანი. ვნახოთ, დაველოდოთ "ქართული ოცნების" პასუხს. შეთავაზება გაკეთებულია და ძალიან მარტივია არჩევნების გზით პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. 29 დეკემბრამდე თუ მოხდება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და საქართველოში ახალი არჩევნების დანიშვნა, ეს იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.