23 დეკემბერი 2024,   01:48
ვრცლად
მაკკეინის ინსტიტუტის ხედვა - ხელისუფლება ქვეყნის გარედან წინასწარ დაწერილ სცენარზე საუბრობს

რა იქნება შემდეგ და რა შეიძლება იყოს გამოსავალი - ხელისუფლება ქვეყნის გარედან წინასწარ დაწერილ სცენარზე საუბრობს, იხსენებენ მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებს, მაკკეინის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ანგარიშს და ეხმაურებიან ამავე ინსტიტუტის თანამშრომლის, ლორა თორნტონის დღევანდელ განცხადებას. "ქართული ოცნების დღეები დათვლილია" - ასეთი შთაბეჭდილება რჩება თორნტონს, რომელიც საქართველოში, წლების წინ, NDI-ს მისიას ხელმძღვანელობდა ახლა კი "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორია. თორნტონის პათოსს სრულად იზიარებს ოპოზიცია. ხელისუფლებისთვის კი მსგავსი განცხადებები არასერიოზულია.

"ოცნებაში" ლორა თორნტონის "ტვიტი" არ უკვირთ. მან სოციალურ ქსელ "იქსზე" დაწერა, რომ მმართველი გუნდის დასასრული ახლოვდება. უმრავლესობის განცხადებით, მისი რიტორიკა მაკკეინის ინსტიტუტის ქმედებებთან პირდაპირ არის დაკავშირებული. სახელისუფლებო პარტიაში, დღეს ცენტრის მიერ არჩევნებამდე გამოქვეყნებული გაიდლაინი გაიხსენეს, რომელიც ოპოზიციისთვის პოსტსაარჩევნო სამოქმედო ნაბიჯებს განსაზღვრავდა. თქვეს ისიც, რომ ინსტიტუტმა აქციებზე მსხვერპლის არარსებობის გამო გაოცებაც კი ვერ დამალა.

თორნტონის და მისი ამჟამინდელი სამსახურის განცხადებებს ოპოზიციაში იზიარებენ. ამბობენ, რომ მაკკეინის ინსტიტუტის გზამკვლევები და ლორა თორნტონის განცხადება, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ზუსტად შეესაბამება. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ახალი არჩევნები გარდაუვალია.

მაკკეინის ინსტიტუტის ხედვა და სტრატეგია, რომელიც მიზნად ოპოზიციის ხელით ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას გულისხმობს, ჩავარდა - ასე გამოეხმაურა დღეს პრემიერ-მინისტრი საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. მთავრობის მეთაურის აზრით, ლობისტების მიერ ოპონენტებისთვის გაწერილმა სცენარმა არ იმუშავა. შესაბამისად, ოპოზიციას და მათ უცხოელ პარტნიორებს მალე რეალობასთან შეგუება მოუწევთ.

თბილისში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. აქციის მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და დაკავებულების განთავისუფლებაა.

დღის ამბები