26 აპრილი 2024,   21:47
ვრცლად
ისრაელი-ღაზის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია-ჰამასისა და მისი მოკავშირე დაჯგუფების წევრებმა ისრაელს 450-ზე მეტი ჭურვი ესროლეს

ისრაელი-ღაზის საზღვარზე სარაკეტო იერიშები ამ დრომდე გრძელდება. ვითარება რეგიონში უკვე სამი დღეა უკიდურესად დაიძაბა. პალესტინელი მებრძოლები ისრაელის ქალაქების მიმართულებით ჭურვებს უწყვეტ რეჟიმში ისვრიან, ისრაელის არმია კი მათ პოზიციებს ავიაციითა და მძიმე ტექნიკით ბომბავს.

ჰამასისა და მისი მოკავშირე დაჯგუფების წევრებმა ბოლო ერთ დღეში ისრაელის მიმართულებით 450-ზე მეტი ჭურვი გაისროლეს. 150 მათგანი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჰაერშივე გაანადგურა, 70 პროცენტი კი დაუსახლებელ ადგილას აფეთქდა.

ბოლო მონაცემებით, პალესტინელთა იერიშებს ისრაელის სამი მოქალაქე ემსხვერპლა. ერთი მამაკაცი ქალაქ აშკელონში იმ დროს დაიღუპა, როდესაც ჭურვი მის საცხოვრებელ სახლს დაეცა. კიდევ ორი მამაკაცი კი ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. ჰამასის მებრძოლთა სარაკეტო იერიშების საპასუხოდ ისრაელის ხელისუფლებამ ღაზის სექტორის საზღვარზე დამატებით სატანკო ბრიგადა გაგზავნა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაჯგუფების წინააღმდეგ შეტევების გაძლიერებაც ბრძანა.

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტების გასანადგურებლად ავიაცია და მძიმე ტექნიკა გამოიყენა. სულ დაიბომბა 220-ზე მეტი სამიზნე, მათ შორის იარაღის ქარხნები, საცავები, გვირაბები და მებრძოლთა საცეცხლე წერტილები. ისრაელის არმიის მტკიცებით, იერიშების შედეგად ჰამასისა და მისი მოკავშირე დაჯგუფების 8 წევრი მოკლეს, თუმცა გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან. ერთ-ერთ შეტევას ღაზის სექტორში დედა და მისი ერთი წლის შვილი ემსხვერპლა.

დღის ამბები