26 აპრილი 2024,   23:25
ვრცლად
ყველა ერთნაირად აგებს პასუხს კანონის წინაშე - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე კორუფციულ სკანდალს ეხმაურება

მასშტაბურ კორუფციულ სკანდალსა და დაკავებებს აჭარაში ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურნენ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თემიძე ამბობს, რომ გუშინდელი დაკავებებით დადასტურდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა დანაშაულს ხელს არ აფარებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაელოდოს გამოძიების შედეგს. 

„დღეს ხელისუფლებაში არის პარტია, რომლისთვისაც სულერთია, ვინ იქნება, რიგითი მოქალაქე თუ ჩინოვნიკი, ყველა ერთნაირად აგებს პასუხს კანონის წინაშე. ან რაოდენობა მცირდება, ან რაოდენობა იზრდება, ამიტომ, მოდით, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი სამართლიანად გადაწყდება,“ - განაცხადა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ.

მოქმედი მერის თქმით, მძიმე მოსასმენი იყო მისთვის აღნიშნული ინფორმაცია, რადგან რამდენიმე დაკავებული მაღალ თანამდებობას იკავებს. ლაშა კომახიძეს ობიექტური და სამართლიანი გამოძიების იმედი აქვს.

„მძიმე იყო ეს ჩემთვის, როგორც მერისთვის. ვინაიდან თითოეული დაკავებული ადამიანი იკავებს საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციებს მუნიციპალიტეტში. ისინი არიან მაღალი კვალიფიკაციის კადრები, მრავალწლიანი გამოცდილებით შესაბამის სფეროებში. აბსოლუტურად მესმის ბრალდებების სიმძიმე, რომელიც ჩვენს კოლეგებს აქვთ წაყენებული, ამიტომ, ვიმედოვნებ სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას, რომელიც თავის ადგილას დაალაგებს ყველაფერს,“ - განაცხადა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.

სამართალდამცველებმა გუშინ ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი და 6 მაღალჩინოსანი დააკავეს. საქმე 2015 წელს მერიის სოციალური პროექტის „იაფი სახლის“ ტენდერს ეხება. გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსნებმა 4 მილიონ ლარად შეფასებულ ტენდერში აზერბაიჯანულ კომპანია „კონვენტ ჯორჯიას“ ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გაამარჯვებინეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები