02 დეკემბერი 2021,   04:57
ვრცლად
ფინანსთა სამინისტრო მეწარმეებს ახალ რეგულაციებს უწესებს - ბიზნესმენები მინისტრს უპირისპირდებიან

ქვეყნის ყველაზე ძლიერი ბიზნესმენები ფინანსთა მინისტრს უპირისპირდებიან. მიზეზი ივანე მაჭავარიანის ბრძანებაა, რომელსაც ხელი 31 მაისს ფარულად მოეწერა. ახალი რეგულაციით, აქციზის გადამხდელ კომპანიებს იმპორტის განბაჟების ვადა 30-დან 5 დღემდე უმცირდებათ.

გადაწყვეტილება მინისტრმა ისე მიიღო, რომ კერძო სექტორის აზრი არც კი მოუსმენია, კომპანიებმა სიახლის შესახებ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით მიიღეს. ბიზნესმენები ამბობენ, რომ საუბარია მილიონობით ლარზე, რომლის მოძიებაც კომპანიებს მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის.  

იმპორტიორი კომპანიებისთვის შექმნილი პრობლემები შესაძლოა, გაცილებით მასშტაბური აღმოჩნდეს. მაღაზიებში პროდუქციის უმეტესობა სწორედ იმპორტირებულია, აქამდე ასეთ ობიექტებს იმპორტიორები თანხის გადახდას აცდიდნენ, ახლა კი ხელშეკრულებების გადახედვა მოუწევთ. მაღაზიების ასოციაციაში ამბობენ, რომ ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფი სავაჭრო ობიექტები დაიხურება.

ფინანსთა სამინისტრო ბიზნესომბუდსმენმა ღიად გააკრიტიკა. სიახლე ეხება ე.წ. "ოქროს სიაში" მყოფ ორგანიზაციებს, რომლებიც გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ. "ოქროს სია" რამდენიმე წელია არსებობს და მასში კარგი რეპუტაციის კეთილსინდისიერი კომპანიები ხვდებიან, რის გამოც სახელმწიფო სხვადასხვა პრივილეგიით ახალისებდა, ახლა კი მათი პირობები სხვა ბიზნესებთან გათანაბრდება.  

ბიზნესომბუდსმენი ითხოვს, რომ ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის მოლაპარაკებამდე სიახლე ძალაში არ შევიდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები