17 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა - საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გვარამიას საქმეს ეხმაურებიან

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, ”რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი შესაძლოა, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდეს, რადგან მან ახალი ტელევიზიის დაარსების შესახებ მკაფიო განაცხადი გააკეთა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ამბობს, აქ არ არის სახელებსა და გვარებზე საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლება მართლმსაჯულების ხელით ებრძვის მისთვის არასასურველ ყველა პირს.

"თუკი არ გვექნება ძლიერი ხმა და არ ვაიძულებთ ხელისუფლებას, უკან დაიხიოს და შეწყვიტოს ადამიანების დევნა ამ ქვეყანაში განსხვავებული მოსაზრებების გამო, ეს ყველას შეგვეხება აუცილებლად," - ამბობს მშვენიერაძე.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ საქმეს, საგამომცემლო სახლის ”Forbes Georgia-ს” მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე "რუსთავი 2-ის" საქმის გაგრძელებად აფასებს. ისაკაძე ამბობს, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომელიმე მოქალაქის ხმა იყოს ჩახშობილი. ის დარწმუნებულია, რომ ნიკა გვაამიას ხმას ვერ ჩაახშობენ. 

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებს, რომელიც "რუსთავი 2-ის" ირგვლივ ვითარდება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს უწოდებენ ხელოვანები.

მხატვარი ნიკო ცეცხლაძე ამბობს, რომ ხელისუფლების ქმედებები, რომელიც დასავლური ღირებულებების დაკავებისკენ არის მიმართული, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება პრორუსულ მიზნებს ემსახურება.

„ეს მათი გადადგმული ნაბიჯები, თვითონ მათ ავნებთ. რის გამო? დასავლური და თავისუფალი ღირებულებების გამო თუ ადამიანს აკავებ რა მთავრობაა ეს? - ე.ი. ასე ვთქვათ, რომ არის რუსული მთავრობა,“ - ამბობს ცეცხლაძე.

ასევე მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა. მისი თქმით, ძალიან რთულია კონსტრუქცია ააშენო, თორემ დანგრევა, რასაც ბუღაძის აზრით, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, ძალიან ადვილია.

„გვარამია იდეაა, იდეალია, ხოლო ბიძინა არანაირი იდეა და იდეალი არ არის, აქ არის მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების და დინასტიის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. არისტოტელეს აქვს ფანტასტიურად ნათქვამი, რთულია, მიზანში მოარტყა, აცდენას სწავლება არ სჭირდება. ძალიან რთულია სახელმწიფო ააშენო, თორემ დალეწო და დაანგრიო, რასაც ბიძინა, აკეთებს ძალიან იოლია,“-ამბობს გია ბუღაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები