გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ აღაიანში მომხდარ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, საკუთარი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებას გარდაცვლილი ბავშვის მამის ახლობლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
"ჩვენ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო, გავმართავთ საპროტესტო აქციებს პარლამენტის წინ. მაჩალიკაშვილის ამბავი მოგონება იქნება, ექვსი წელი ეს არის მინიმალური სასჯელი"- აცხადებენ გარდაცვლილი ბავშვის მამის ოჯახის წევრები.
გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო მსჯელობდა არასრულწლოვანი დედის საქმეზე, რომელსაც ბრალად საკუთარი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობა ედებოდა.