23 აპრილი 2024,   19:06
ვრცლად
გურამ ჩალაგაშვილს ადმინისტრაციული სასჯელი ვერ მიუსაჯეს - შსს-მ სასამართლოს არასრული მტკიცებულება წარუდგინა

უცენზურო სიტყვების გამო ოქრუაშვილის პარტიის წევრი და ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი დღეს ყურადღების ეპიცენტრში მოექცა.

საქმე ეხება წუხელ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, მომხდარ ინციდენტს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ოქრუაშვილის თანაპარტიელი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, რაც პატრულის შეურაცხყოფით და ხელისუფლების გინებით გამოიხატებოდა. ფაქტს თავად ჩალაგაშვილიც ადასტურებს, თუმცა ადმინისტრაციული სასჯელი დღეს მას ვერ გამოუტანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლემ იმ ვიდეოჩანაწერის განხილვის შემდეგ გამოაცხადა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებულებად ჰქონდა წარმოდგენილი. დისკზე ჩაწერილ ფაილში სრულად არ იყო ასახული ის სამართალდარღვევა, რომელსაც გურამ ჩალაგაშვილს ედავებიან. მიუხედავად იმისა, რომ ძალოვანი უწყების იურისტს მტკიცებულებები სრულად არ ჰქონდა, პროცესზე მაინც ამტკიცებდა, რომ "გამარჯვებული საქართველოს" წევრი ღამის სამ საათზე ქუჩაში იგინებოდა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა.

თანაპარტიელის დაკავება ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში პოლიტიკურ შურისძიებას დაუკავშირეს. მმართველ გუნდში კი მომხდარი ინციდენტის უკან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მყარი მტკიცებულებების მოსაგროვებლად ერთკვირიანი ვადა აქვს. სასამართლო სხდომა 8 ოქტომბერს ჩატარდება.

დღის ამბები