ზაალ უდუმაშვილისა და გიორგი ლაფერაშვილის გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში გვიან ღამემდე გაგრძელდა. გამოძიების შეკითხვები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრთან და ტელეკომპანია "ფორმულას" საინფორმაციო სამსახურის უფროსთან ძირითადად "რუსთავი 2"-ში მათ საქმიანობას უკავშირდებოდა. უწყების დატოვების შემდეგ გამოკითხულებმა, პროკურატურის ამ პერიოდში გააქტიურება, მედიასაშუალებების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად შეაფასეს. მათი განცხადებით, პროკურატურა კრიტიკული მედიის გაჩუმებას ცდილობს.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, კითხვები ძირითადად "რუსთავი 2"-ის საქმიანობას შეეხებოდა, რაზეც მან პასუხი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცა. უდუმაშვილის განცხადებით, აღნიშნული საქმე პოლიტიკური დევნის ნიშნებს ატარებს.
მედიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად აფასებს მის საგამოძიებო უწყებაში დაბარებას გიორგი ლაფერაშვილიც. მისი თქმით, ტელეკომპანია "ფორმულას" დირექტორის და საინფორმაციო სამსახურის პროკურატურაში დაბარება ტელეარხის ეთერში გასვლას დაემთხვა.
ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასებით, დაწყებული გამოძიების მიზანი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების გაჩუმებაა.