14 სექტემბერი 2026,   11:05
ვრცლად
პატიმრობა თუ გირაო - ილია ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს

პატიმრობა თუ გირაო - ილია ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. უცნობია რას მოითხოვს პროკურატურა, თუმცა ცნობილია დაზარალებულის პოზიცია. თამთა თოდაძე მაჟორიტარი დეპუტატის პატიმრობას ითხოვს.

ჯიშკარიანის ადვოკატი, აღნიშნავს, რომ წარდგენილ მტკიცებულებათა შორის არ არის თამთა თოდაძის ალკოჰოლური მდგომარეობის მაჩვენებელი ექსპერტიზის დასკვნა. თუმცა მარიამ კუბლაშვილის თქმით, საგამოძიებო მოქმედებებში არა ერთი ხარვეზია დაფიქსირებული, რის შუამდგომლობებსაც, ადვოკატის განცხადებით, შემდგომ პროცესებზე დააყენებენ.

"იმ შემთხვევაში თუ იშუამდგომლებენ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე, ცხადია ჩვენ გვექნება საწინააღმდეგო პოზიცია. წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ არის ექსპერტიზის დასკვნა და არც დანიშნული ექსპერტიზა თამთა თოდაძის ალკოჰოლური თრობის ან არ თრობის შესახებ. ძალიან ცუდია, რომ ეს ექსპერტიზა არ არის დანიშნული და კიდევ მრავალი ხარვეზია. აგრეთვე ხარვეზია ჩხრეკის ნაწილში ანუ საგამოძიებო მოქმედებები არის ხარვეზიანი და ამ შუამდგომლობებს დავაყენებთ შემდგომ პროცესებზე," - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი, საკრებულოს თანამშრომლის - თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის ფაქტზე წარუდგინეს.

თამთა თოდაძის საქმეში დევს იმ პირების ჩვენებები, რომლებსაც არანაირი შემხებლობა არ გააჩნიათ თავად დაზარალებულთან, ამის შესახებ, თამთა თოდაძის ადვოკატი, თამუნა ლუკავა ამბობს. 

"აბსოლუტურად შემხებლობა რომ არ აქვთ თამთა თოდაძესთან ისეთი პირების ჩვენებები დევს საქმეში. კერძოდ სასწრაფოს სამედიცინო დახმარების ორი ექიმის ჩვენება დევს საქმეში, რომლებიც უთითებენ, რომ იმ ეტაპისთვის, როდესაც ისინი მივიდნენ თამთას სახლში თამთა არ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთ-ერთი ფაქტი, რომ როცა უთითებს ჯიშკარიანი იმის თაობაზე, რომ თითქოს და ინვენტარი დააზიანა თამთა თოდაძემ, საინტერესოა ინვენტარის დაზიანებასთან დაკავშირებით რატომ არ მიმართა საპატრულო პოლიციას და რატომ არ შეატყობინა ამ ფაქტის შესახებ," - აცხადებს თამთა თოდაძეს ადვოკატი, თამუნა ლუკავა.

დღის ამბები