ზუგდიდში, სოციალურად დაუცველი ოჯახები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მოქალაქეებს რუხში, სკოლის ასი წლის წინ აგებულ შენობაში, გაუსაძლის პირობებში უხდებათ ცხოვრება.
ოჯახებმა დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვეს ავარიული შენობიდან დროებით საცხოვრებლებში გადაყვანა, მაგრამ ფაქტობრივად უარი მიიღეს.
“უნდა დაანგრიონ, უნდა გადაიტანონ ყველაფერი, მაგრამ ჯერ-ჯერობით გადატანით არაფერი არ გადაიტანეს, მაგრამ ჩვენთვის მაინც, სანამ ეს დაინგრევა, მოეცათ ბინა,“ - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ეთერ გაბუნია.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები ბინებს ყოველგვარი კონკურსის წესისა და ქულების დათვლის გარეშე, მას შემდეგ მიიღებენ, რაც ზუგდიდში კორპუსების მშენებლობა დასრულდება.
“ზუგდიდში, როგორც კი პირველივე ჩასახლება იქნება, ბარამიას ქუჩაზე, მშენებარე ბინებში 12 ობიექტიდან, ერთადერთი ობიექტია, რომელიც ყოველგვარი კონკურსის წესის გარეშე და ყოველგვარი ქულების გარეშე ამ ხალხის გასახლება იგეგმება,“ - აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე.