14 სექტემბერი 2026,   11:02
ვრცლად
ყოფილი ქალი პროკურორის საქმე - ოპოზიციის მოსაზრებით, შესაძლოა სალომე ადეიშვილზე დევნა განხორციელდეს

საპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გენერალური პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის სალომე ადეიშვილის საქმეზე საგამოძიებო ორგანო ფაქტის გამოძიებას მხოლოდ ფორმალურად დაიწყებს, სინამდვილეში კი, სალომე ადეიშვილის დევნა განხორციელდება.

"იმ ვითარებაში, როდესაც პროკურატურას ჩვენ მივეცით კონსტუტუციით სრული დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიები, იმ ძველი, მავნე ტრადიციებისგან თუ ვერ გათავისუფლდა და დღემდე ბევრი ადამიანი უსამართლოდ გრძნობს თავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ფუნდამენტური რეფორმების გატარების პროცესი არათუ დასრულებულია, შუა გზაზეც კი არ არის,“ - აღნიშნა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

შედარებით ოპტიმისტურად არიან განწყობილი მმართველ გუნდში.

"ყველა სამინისტროს და უწყებას ჰყავს თავიანთი სამსახურები, რომლებიც სისტემის შიგნით არსებულ ხარვეზებსა და პრობლემებზე ატარებენ მოკვლევას. შესაბამისად, ძალიან სწორია, რომ პროკურატურამ ამ საკითხზე შიდა მოკვლევა დაიწყო. არ ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაში საქმე აქვს პროკურატურის ხარვეზებს, რადგან ქალების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომები საჯარო და კერძო სტრუქტურებში ერთნაირად შეინიშნება. ჩვენ მივადევნებთ თვალს ამ პროცესს და იმედი გვაქვს დროულად და სამართლიანად გამოიძიებენ,“ - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

დიდუბის რაიონის ყოფილმა პროკურორმა სისტემაში არსებულ პრობლემებზე ორი დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. სალომე ადეიშვილმა პროკურატურა ნეპოტიზმში, შერჩევით სამართალსა და სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. ადეიშვილი, რომელიც საქართველოში უკვე აღარ ცხოვრობს - გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

 

 

დღის ამბები