ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ საზღვრის დარღვევაში და პროვოკაციულ ქმედებებში ამჯერად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ადანაშაულებს.
საოკუპაციო რეჟიმის მედია Рес-ი, IPRM-ის შეხვედრებზე ოსური მხარის წარმომადგენლის ეგორ კოჩიევზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ხუთშაბათს სოფელ წნელისის ტერიტორიაზე საზღვრის დარღვევის მიზეზით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები შეაჩერეს. კოჩიევის თქმით, დამკვირვებლებს დარღვევის შესახებ მიანიშნეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რაც მისიის წარმომადგენლებმა შეასრულეს.
კოჩიევის თქმით, გააქტიურებული იქნა "ცხელი ხაზი", რომლის მეშვეობითაც სადამკვირვებლო მისიის წევრებს განუცხადეს, რომ მსგავსი ნაბიჯები დაუშვებელია და სერიოზულად ძირს უთხრის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ისედაც მყიფე ვითარებას.
"მორიგი ტექნიკური შეხვედრის წინ დამკვირვებლების ეს ქმედებები პროვოკაციულია" - აცხადებს კოჩიევი.