26 აპრილი 2024,   08:16
ვრცლად
მეუფე იაკობმა უმძიმესი ბრალდებების გაჟღერებიდან 3 დღეში პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა

უმძიმესი ბრალდებების გაჟღერებიდან 3 დღეში, მეუფე იაკობმა, დღეს თანამდებობა დატოვა. ილია მეორესთან საგანგებო შეხვედრაზე მისულმა სასულიერო პირმა, საპატრიარქოს ეზოდან, ტელეკამერებთან დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა საკუთარი ვერსია.

გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერის კაბინეტში გამართულ დახურულ შეხვედრაზე, პატრიარქის შეცვლაზე საუბრობდნენ. საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია ამ დრომდე უცნობია, საპატრიარქოს იურისტი კი გარკვეული ძალების კონკრეტულ ინტერესებზე მიანიშნებს.

შიდა დაპირისპირების ფონზე, პატრიარქის დაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე დღეს განცხადება რამდენჯერმე გაკეთდა.

უწმინდესთან პირადი შეხვედრის დეტალებზე მეუფე იაკობმა არ ისაუბრა. მხოლოდ ის თქვა, რომ ქორეპისკოპოსისა და საფინანსო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა, თან ხაზგასმით აღნიშნა რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და პატრიარქმა მოთხოვნა დაუკმაყოფილა.

მეუფე იაკობის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე საპატრიარქოს ოფიციალური  პოზიცია ამ დრომდე უცნობია. საპატრიარქოს პრესმდივანი საქართველოში არ იმყოფება და მან "კურიერს" სატელეფონო ინტერვიუში დაუდასტურა, რომ უკვე ყოფილი ქორეპისკოპოსის განცხადებები მათთვის მოულოდნელი იყო.

საპატრიარქოს იურისტი ამბობს, რომ ბოდბის ეპისკოპოსს ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობები ჰქონდა მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან, იურისტმა დღეს მედიასთან საკუთარი ეჭვებიც გამოთქვა.

მიმდინარე პროცესებს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა ე.წ ციანიდის საქმის ოქროს მოწმე. ირაკლი მამალაძე საპატრიარქოში უკიდურესად დაძაბულ ვითარებაზე წერს და შესაბამის სამსახურებს უწმინდესის დაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

იმაზე, რომ საპატრიარქოში არსებული დაძაბულობა სწორედ ე.წ ციანიდის საქმის შემდეგ გასაჯაროვდა მამა გიორგი თევდორაშვილიც საუბრობს. მისი თქმით, სიტუაციას დეკანოზი მამალაძის შეწყალება დაამშვიდებს.

მეუფე იაკობის სკანდალური ბრალდებები კიდევ ერთხელ გახდა დასტური დეკანოზ მამალაძის ადვოკატისთვის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, სამთავრობო და სასულიერო პირების შეთქმულების მსხვერპლია.

ყველა ის ხმაურიანი საკითხი, რომელიც ბოლო პერიოდში საპატრიარქოს ირგვლივ განვითარდა სინოდის სხდომაზე უნდა განიხილონ, სხდომის მოწვევის უფლება მხოლოდ პატრიარქს ან განსაკუთრებულ შემთხვევაში მის მოსაყდრეს აქვს, სწორედ ამ წესის შეცვლის ინიციატივით გამოვიდა მეუფე პეტრე.

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია, მან დღეს საპატრიარქოს შენობაც დატოვა.

როდის მიიღებს უწმინდესი სინოდის სხდომის ჩატარების გადაწყვეტილებას უცნობია, თუმცა ცნობილია რომ სხდომაზე განიხილება მეუფე იაკობის ბრალდებების, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმისა და უკრაინის ავტოკეფალიის საკითხები.

დღის ამბები