18 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
შსს-ს ახალი ინიციატივა პროექტი "მოხალისე" - ნებისმიერ სამოქალაქო პირს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში მეხანძრე-მაშველებს დაეხმაროს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი პროექტი - ნებისმიერ სამოქალაქო პირს შეუძლია გახდეს მოხალისე და საჭიროების შემთხვევაში მეხანძრე-მაშველებს დაეხმაროს. პროექტში მონაწილეობისათვის საჭიროა სპეციალური რეგისტრაციის გავლა, რის შემდეგაც მოხალისეებს გადაამზადებენ. პროექტი მთელ საქართველოში იმუშავებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალ ინიციატივას ადიგენის რაიონიდან უკვე 50-მდე მოხალისე ჰყავს. "მოხალისე“ ასე ერქმევა პროექტს, რომელშიც მთელი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონი ჩაერთვება.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ მოხალისეებთან შეხვედრისას აღნიშნა, საგანგებო სიტუაციების მართვის საგანგებო სამსახური და წითელი ჯვრის ორგანიზაციის თანამშრომლები მოხალისეთა ჯგუფებს გადაამზადებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თქმით, ეს პროექტი კრიზისული სიტუაციების დროს მეხანძრე-მაშველების უფრო ეფექტურ მოქმედებას  შეუწყობს ხელს. მოხალისეები ზურგის ოპერაციებს შეასრულებენ, როდესაც მაშველები უშუალოდ კრიზისის ველზე იქნებიან გასული.

თემურ მღებრიშვილის თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პასუხისმგებლობას იღებს მაშველების სრულად გადამზადებაზე. მისი თქმით, თითოეული რეგიონის და სოფლის დაცვა ხანძრების მხრივ და სხვა სტიქიური უბედურების კუთხით ადგილობრივებისთვის უმნიშვნელოვანეს ამოცანად უნდა იქცეს.

პროექტ "მოხალისეს“ ფარგლებში, პირველ ეტაპზე პირველი 50 მაშველის გადამზადება მოხდება.  მოხალისეები აცხადებენ, რომ მათთვის პატივია საკუთარ ქვეყანას ამ ფორმით ემსახურონ. მათი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანებს დაეხმარონ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პროექტი "მოხალისე" პირველ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელდება, 2020 წლიდან კი უკვე პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს.

დღის ამბები