თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას პროცესი იწყება. გამოძიება მელიას 20-21 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.
მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებს წარადგენს.
"ვიწყებთ პროკურატურის მტკიცებულებათა გამოკვლევას. ჩვენთვის ცნობილია, რომ დღეს მათ ორი მოწმე ჰყავთ მოყვანილი და ვიწყებთ ამ პირების გამოკითხვას. მინდა ავღნიშნო, რომ სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს იწყება ამ საქმის განხილვა. სახელმწიფო ერთის მხრივ ოპოზიციონერი ლიდერის მოღვაწეობას აფასებს მასობრივი ძალადობის ორგანიზებად და ხელმძღვანელობად და ის, რაც ბოლო დროის განმავლობაში ხდება თბილიში, აბსურდული მიზეზებით, რაც გადაიზარდა ძალადობასა და პოლიციის დაუმორჩილებაში, არავითარი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია," - განაცხადა ადვოკატმა.
პროკურორის, დავით ნეფარიძის მტკიცებით, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება მიუთითებს, რომ მელიამ პარლამენტზე შტურმს აორგანიზებდა.
"ყველას გვაქვს ნანახი ტელევიზიის საშუალებით ნიკა მელიას მიერ გაჟღერებული მოწოდებები, რომ არაფერი ვთქვათ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. მელია იმ ვითარებაში, როდესაც ხედავს, რომ პარლამენტის შენობის წინ არის ცოცხალი კორდონი, მოქალაქეებს მოუწოდებს შევიდნენ პარლამენტის შენობაში. ყველა მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს წარმოდგენილი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ, რომ ნიკა მელიამ ჩაიდინა ის დანაშაული, რაც ბრალად აქვს წარდგენილი," - აღნიშნა პროკურორმა.
სასამართლო სხდომას, რომელიც 10:00 საათზე დაიწყო, თავად ბრალდებული არ ესწრება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოპოზიციის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს დამატებითი შეზღუდვებიც აქვს დაწესებული, მელია საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვების უფლება არ აქვს, ასევე ეკრძალება საჯარო განცხადებების გაკეთება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მას ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
ნიკა მელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.