ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. სოფლების ურავისა და აბარის მიმდებარედ ტყეში ეკალ-ბარდები და ბალახი იწვის.
სამუშაოებში ამ დროისთვის 50-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული. სალიკვიდაციო სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველებთან ერთად ცეცხლს ადგილობრივებიც ებრძვიან.
მდგომარეობას რთული რელიეფი და ქარი ართულებს. ადგილზე სპეციალური ტექნიკა ვერ მიდის და წყლის მიტანა ცხენებით და ხელით უწევთ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რაჭა-ლეჩხუმის განყოფილების წარმომადგენლის ინფორმაციით, ტყეში ღია კერები აღარ არის და მხოლოდ დაკვამლიანებაა.
მისივე ინფორმაციით, ცეცხლის ლიკვიდაცია სავარაუდოდ ხვალ მოხერხდება. ამბროლაურში ცეცხლი სამი დღის წინ გაჩნდა. ერთ-ერთ მიზეზად დაუდევრობა განიხილება.